სამართალი
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. თუმცა, ამავე მუხლის მე-9 პუნქტით, მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.
„მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტად იქნა არჩეული 2008 წლის 5 იანვარს. აქედან გამომდინარე, მას საპრეზიდენტო ვადა (კონსტიტუციით გათვალისწინებული 5 წელი) ეწურება 2013 წლის 5 იანვარს. თუმცა, რადგან მომდევნო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბერში, გამოდის, რომ სააკაშვილს უფლებამოსილება უნარჩუნდება დამატებით 10 თვის მანძილზე, რაც, ბუნებრივია, თავად კონსტიტუციით დადგენილი ნორმის დარღვევაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ შექმნილ პოლიტიკური ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ოპოზიციონერი“ პრეზიდენტის ვადის ამოწურვის თარიღს, ვინაიდან საპრეზიდენტო პოსტი უკანასკნელი ბერკეტია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულება ხელისუფლების ახალი ძალებისთვის სრულად გადაბარების ბოლო წერტილი იქნება.