აქტუალური
ობამას წერილი ივანიშვილს

1-barack-obamaთბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას ნორლანდმა პრემიერს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც, ამერიკის ელჩის განცხადებით, „ჯობს, პრემიერს დავუტოვოთ უფლება, წერილის შინაარსზე თავად ისაუბროს“.

აშშ-ის ელჩის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მიერ  საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისკენ. მან წარმატებები უსურვა მინისტრთა ახალ კაბინეტს და განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობა კვლავაც გრძელდება.

ნორლანდის განცხადებით, შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ საუბარს ადგილი არ ჰქონია.