გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხოლოდ ერთი ლიდერი – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი იბრძოდა ნატოში შესვლისთვის. უფრო სწორად, ნატოს სამხედრო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისკენ მოუწოდებდა და ამ გზით იმედოვნებდა დამოუკიდებლობის აღდგენას და „საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებას“. ხოლო აწ განსვენებული ზვიად გამსახურდია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლამდე აირჩიეს მრავალპარტიული არჩევნების შედეგად, საქართველოს ნატოში შესვლის საკითხთან დაკავშირებით არ ჩქარობდა...
ნატოსკენ სვლა 1992 წელს დაიწყო, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც საქართველო ნატოს თანამშრომლობის საბჭოში (NACC) შევიდა, 1994 წელს კი შეუერთდა პროგრამას – „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ (PFP).
ამ ორ მოვლენას შორის იყო აფხაზეთის ფაქტობრივი დაკარგვა და ამაო იმედები, რომ ყოფილი დასავლელი მოკავშირეები საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდნენ. სინამდვილეში კი, გაეროს რეზოლუციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ზეპირი განცხადებების გარდა, პროგრესი არ შეიმჩნეოდა.იმ წლებში ახალი რუსეთიც მთლიანად დასავლეთზე იყო ორიენტირებული. პროცესი იმდენად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს არავინ საყვედურობდა დასავლეთისკენ სწრაფვის გამო. რუსეთის ხელმძღვანელობა კურსში იყო, რომ ნატო საქართველოს დახმარებას უწევს – 1995 წლიდან ბევრმა სამხედრომ გაიარა მომზადება ნატოს საგანმანათლებლო ცენტრებში, 1996 წლიდან საქართველო რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საპარტნიორო პროგრამაში, მაგრამ ილუზია, რომ ეს პრობლემებთან გამკლავებაში რამენაირად დაეხმარება, შევარდნაძეს უკვე აღარ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, სამიტებსა და სხვა მაღალი რანგის შეხვედრებზე ბუქარესტში, ბრიუსელსა და სტამბულში საქართველო ნატოში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენს. შევარდნაძე, რომელიც მშვენივრად ერკვევა პოლიტიკურ კონიუნქტურაში და გადაწყვეტილებების „სულ ზემოთ“ მიღების მექანიზმში, ერთი მხრივ, ნატოსკენ მიდის, მაგრამ მეორე მხრივ – ესმის, რომ ეს ძალიან გრძელვადიანი ამოცანაა და ამ წუთასვე არაფრის შეცვლა შეუძლია.
საოცარია, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც კი პროცესი ისევე დუნედ გრძელდება,როგორც ადრე, მაგრამ ახლად გამომცხვარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, შევარდნაძისგან განსხვავებით, ახერხებს, რომ მთელი პროცესი რუსეთთან დაპირისპირებაში გადაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის ინიციატივას ერთდროულად შეუერთდნენ საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა, რუსეთთან ურთიერთობის სწრაფად გაფუჭება სწორედ საქართველოს დაეწყო.
რა თქმა უნდა, პროცესის გაანალიზება მხოლოდ ფორმალური ან არაფორმალური შეხვედრებისა და საჯარო განცხადებების საფუძველზე სისულელე იქნებოდა. ზოგჯერ იმ ქაღალდების გროვაზე უფრო წონადი, რომლებსაც ნებისმიერი საერთაშორისო სტრუქტურა აწარმოებს, სავსებით რეალური და ხელშესახები რამეებია, მაგალითად, თბილისში აშშ-ის საელჩოს გიგანტური შენობის აგება, რომელიც საფორტიფიკაციო ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე დიპლომატიურ წარმომადგენლობას; საქართველოში სამხედრო სპეციალისტებისა და ინსტრუქტორების მეტისმეტად დიდი რაოდენობის არსებობა; თავგამოდებული პრონატოური რიტორიკა; ისტორიის ხელახლა დაწერის აშკარა მცდელობები და ა.შ.
კიდევ ერთი იმედგაცრუება 2008 წლის აგვისტოს ომმა მოიტანა. იმათ, ვისაც ნატოს დახმარების იმედი ჰქონდა, მხოლოდ სასმელი წყალი და პამპერსები მიიღეს, მაგრამ სააკაშვილმა საპრეზიდენტო სავარძლის შენარჩუნება მოახერხა, ეს კი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნატოს ყველა ფასეულობა. ომამდე ნახევარი წლით ადრე – 2008 წლის იანვარში – ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტი ჩატარდა ( ბევრი მას შეცდომით რეფერენდუმს უწოდებს, განსხვავება კი მათ შორის უზარმაზარია: რეფერენდუმის შედეგების შესრულება აუცილებელია, მაშინ, როდესაც პლებისციტი მხოლოდ ამომრჩეველთა გამოკითხვაა და სავალდებულო ძალა არ აქვს!).
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი – „ახალი მემარჯვენების“ ლიდერი დავით გამყრელიძე, მაშინ ჩიოდა, რომ სააკაშვილის ავანტიურიზმის გამო საქართველოს ნატოსთან შეერთების სახალხო მხარდაჭერა სულ რაღაც ორ თვეში 84-დან 63 პროცენტამდე ჩამოქვეითდა. შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე, ეს ციფრი „სასწაულებრივად“ გაიზარდა 77 პროცენტამდე. ერთი სიტყვით, საარჩევნო მარათონში ყურადღება არავინ მიაქცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების შედეგები უმნიშვნელოდ შეიცვალა (2-3 პროცენტის ფარგლებში), ხოლო პლებისციტის შედეგი მთელი 14 პროცენტით ავარდა!
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ პლებისციტამდე ორი წლით ადრე ქართულმა პარლამენტმა, ამომრჩევლების აზრის უკითხავად, ერთხმად მისცა ხმა ნატოში შესვლას. რა თქმა უნდა, შესვლის საკითხი საქართველოს პარლამენტში არ წყდება, მაგრამ ერთგულების კიდევ ერთხელ დემონსტრირება ზედმეტი არასოდეს არის... იმ სხდომაზე ერთადერთ დეპუტატს, რომელმაც გაბედა, დაესვა შეკითხვა – სჭირდება კი საქართველოს ნატოს წევრობა? – ლამის ოსტრაკიზმი გამოუცხადეს...
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართველი სამხედროების მონაწილეობა უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების მისიაში (ISAF) ავღანეთში. 2004 წლიდან ქართულმა კონტინგენტმა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა დაიწყო. თავდაპირველად 50 სამხედრო მოსამსახურე საარჩევნო უბნებს იცავდა, შემდეგ, 2009 წლამდე, ავღანეთში მხოლოდ ერთი ქართველი სამხედრო იყო ლიტვური კონტინგენტის შემადგენლობაში. 2009 წლის ნოემბერში იქ გადაისროლეს 173, ხოლო 2010 წლის აპრილში – კიდევ 750 სამხედრო მოსამსახურე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სააკაშვილმა ქართული კონტინგენტის 1673-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა.
ახლა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამ საკითხს გადახედავს, ამაო აღმოჩნდა. 2012 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ 2014 წლიდან ქართული ჯარების გამოყვანა დაიწყება, მაგრამ იმავე დღეს მისი თანაპარტიელი – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი იძულებული გახდა, განემარტა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ერთი დღის შემდეგ ალასანიამაც დაადასტურა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან. ამ ორ განცხადებას შორის ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან.
საინტერესოა, რომ პრონატოური პროპაგანდა, რომლითაც გაჯერებულია მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება, ასახავს საკითხისადმი ცალმხრივ მიდგომას როგორც ყოფილი, ისე ახლანდელი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. 2012 წლის 18 ოქტომბერს, აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ შეძლო მისი დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში ყველაფერი გაკეთდება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის, ეს კი, თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა საქართველოს ნატოში შესასვლელად. ამავე კომენტარში მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარების შემდეგ „ახლა მათ მითუმეტეს უნდა გადადგან პრინციპული, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდეს საქართველოს ნატოში მიღება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მონაწილეობით სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში ნატოს ქვეყნების გვერდით. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარალელურად მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ“.
ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარება საეჭვოა, მოხერხდეს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილს ხშირად უსვამდნენ შეკითხვას – როგორ აპირებს ამის გაკეთებას. პასუხად ის უხსნიდა, რომ ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ამაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან თავად ნატოსთან თანამშრომლობის ფაქტი კი არ აფუჭებს რუსეთთან ურთიერთობას (რუსეთი თვითონაც თანამშრომლობს ალიანსთან მთელ რიგ პროგრამებში), არამედ სააკაშვილის მცდელობები, ნატო აშკარად ანტირუსულ პოლიტიკაში გამოეყენებინა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთს ნატოსთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და ეს გამოცდილება სიფრთხილეს აიძულებს. მიუხედავად დაპირებისა, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ყველაფერი სწორედ პირიქით მოხდა.
ქართველი საზოგადოება ნატოს გასაოცრად ცუდ ცოდნას ამჟღავნებს. საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ ყველაფერი, რაც საბჭოთა იდეოლოგიის დროს ცუდი იყო, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ავტომატურად კარგი გახდა. თუკი ნატო მართლაც საბჭოთა მუქარის წინააღმდეგ შექმნილი ალიანსი იყო, ვარშავის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ ის გაქრებოდა. სინამდვილეში კი პირიქით ხდება: ნატო ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებსა და ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ფართოვდება.
2004 წელს გამოცემულ წიგნში „არჩევანი: გლობალური დომინირება თუ გლობალური ლიდერობა“ (The Choice: Global Dominance or Global Leadership) ზბიგნევ ბჟეზინსკის საინტერესო პარალელები მოჰყავს: „მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ნატომ ახალი როლი შეიძინა, სტაბილურობასთან მიიყვანა რა გააფთრებული და მოუსვენარი ბალკანები. მომდევნო ათწლეულის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ თავს ვერ ავარიდებდით ერთგვარ სტაბილურობის პაქტს კავკასიისათვის, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის სტაბილურობის პაქტის მსგავსი იქნებოდა“.
კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ ბალკანეთის მაგალითზე აჩვენა, როგორ გამოიყურება ეს „სტაბილურობა“. ტერიტორიულ მთლიანობაზე ამგვარად უარის თქმა საქართველოსთვის მიმზიდველი არ არის. ბჟეზინსკი მიიჩნევს, რომ ნატოს შემდგომი შეღწევა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გარდაუვალია, რადგან რუსეთმა აღიარა ატლანტიკური საზოგადოების უპირატესობა მსოფლიო უსაფრთხოების სტრუქტურაში. ბოლო რვა წელიწადმა აჩვენა, რომ რუსეთის (და არა მხოლოდ რუსეთის!) დამოკიდებულება ნატოს მიმართ რადიკალურად შეიცვალა.
1955 წელს სოციალისტურმა ქვეყნებმა, სსრკ-ის ხელმძღვანელობით, ხელი მოაწერეს ვარშავის ხელშეკრულებას. ნატო ყოველთვის უარს ამბობდა წინადადებაზე, ხელი მოეწერა პაქტისათვის თავდაუსხმელობის შესახებ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებთან, ან ორივე ალიანსი დაშლილიყო. ჩვენ საქართველოში ბევრს ვლაპარაკობთ ნატოზე, მაგრამ მსჯელობა იშვიათად მიდის დეტალებამდე. თითქმის არავინ ლაპარაკობს იმაზე – კონკრეტულად რას უნდა ელოდეს საქართველო ნატოს წევრობიდან? რა უპირატესობებს მოგვცემს ეს? თუ ნატოს მხოლოდ იმისთვის უნდა შევუერთდეთ, რომ რუსეთი გავაბრაზოთ? ნატოსთან შეერთება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც უდავოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ ქართული სახელმწიფოს ყველა ასპექტზე.
მოდი, პირველ რიგში სამხედრო ასპექტი განვიხილოთ. აქ პერსპექტივებს მიმზიდველს ნამდვილად ვერ უწოდებ... 2007 წლის ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ შენიშნა: „ნატოში არსებობს კვოტები შეიარაღებულ ძალებზე და ალიანსის წევრი ქვეყნების ყველა ჯარის გამოყენების გეგმები. ალიანსთან მიერთების მომენტიდან ბულგარეთი, რუმინეთი და ჩეხეთი განიარაღდნენ. მას შემდეგ, რაც მათ აუხსნეს – როგორი იქნება მათი ფუნქცია ნატოში, ამ ქვეყნებს თავიანთი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად შემცირება მოუხდათ. თუ ხვალ სიტუაცია შეიცვლება, ეს ქვეყნები საკუთარი არმიების უქონლობის გამო მოწყვლადები გახდებიან. თუ ჩვენ ნატოს შევუერთდებით, რუსული შეტევის პირველ სამიზნედ გადავიქცევით. ალიანსში რომც შევიდეთ, პრაქტიკულად ვერავინ დაგვეხმარება თავისი ჯარებით. დახმარების ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ნატოს აქვს –თურქეთია, რომელსაც სწრაფი რეაგირება შეუძლია, მაგრამ სწრაფი რეაგირება ნიშნავს, რომ საქართველო საომარი მოქმედებების თეატრად გადაიქცევა“.
მართლაც პირქუში პერსპექტივაა... სხვათაშორის, სწორედ თურქეთის ფაქტორის გამო აჭარის მოსახლეობა უკიდურესად უარყოფითად ეკიდება ნატოსკენ სწრაფვას. აჭარლები, რომლებიც თურქეთის მხრიდან ეკონომიკური (და არა მარტო) ექსპანსიის ყველა „სიამეს“ განიცდიან, მას ნატოსთან აიგივებენ. მასვე უკავშირებენ ისინი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან დათმობებსაც (არა მხოლოდ ავტონომიის, არამედ მთლიანად ქვეყნის).
თუ საქართველოს ტერიტორიულ გასაჭირთან დაკავშირებით ჩვენდამი „მეგობრული“ ქვეყნების გულგრილ პოზიციებს შევხედავთ, შთაბეჭდილება შეგვექმნება, რომ ჩვენი წევრობა დასავლეთს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდება. ეს არის „იაფი“ ჯარისკაცები ნატოს სხვადასხვა ოპერაციისთვის, და არა მხოლოდ.
მაგრამ რუსეთს თავის სამხრეთ საზღვრებთან ნატო არ სჭირდება. ნატო კარგი საპირწონე იქნებოდა რუსეთთან დიალოგში, რათა ჩვენი „დაავადებების“ განკურნებისთვის ხელი შეეწყო, მაგრამ კოსოვომ აჩვენა, რომ ტერიტორიული მთლიანობა – ის „წითელი ხაზი“ არ არის, რომლის გადაკვეთა დასავლეთს შეუძლია. ამგვარად, ჩვენ ნეიტრალიტეტი გვჭირდება, იმ პირობით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან მოლაპარაკების გზით აღდგება.
სხვათაშორის, ყოფილ იუგოსლავიაში ნატოს დაბომბვების შემდეგ ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ ბასევიჩი (Andrew Bacevich) წერდა, რომ ეს დაბომბვები გაკვეთილად უნდა გამოსდგომოდა ყოველ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც მიიჩნევს, რომ „ცივი ომის“ შემდეგ წარმოქმნილი და ვაშინგტონის მიერ დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სისტემის წესები მას არ ეხება. აშშ-თვის ძალზე მნიშვნელოვანია ჰეგემონია გაერთიანებულ, ინტეგრირებულ და თავისუფალ ევროპაში. საქართველოზე რაღა უნდა ითქვას?!
„ვარდების რევოლუციის“ კვალდაკვალ საქართველოს პარლამენტმა სწრაფად მოახდინა იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საშუალება მიეცათ, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ადგილობრივ მართლმსაჯულებასთან საქმე არ ჰქონოდათ. მათ ამერიკული კანონებით გაასამართლებენ. საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია დააკავოს, გაჩხრიკოს ან დააპატიმროს ამერიკელი სამხედროები. მკითხველს შევახსენებთ, რომ წინა 10 წლის განმავლობაში რუს ჯარისკაცებს არ ჰქონდათ ერთი ბაზიდან მეორეზე გადასვლის უფლება ადგილობრივი ქართული ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ხოლო როდესაც ეს წესი ირღვეოდა, მათ აპატიმრებდნენ...
მაშ, რა არის ნატოსთან შეერთება, თუ არა ჩვენს სუვერენიტეტზე ხელის აღმართვა?! ამ კონტექსტში საქართველოში ნატოს ბაზების განთავსების თაობაზე თეორიული მსჯელობაც კი უაზრობაა, რადგან მიმდინარე პოლიტიკამ საქართველო უკვე გადააქცია ნატოს სამხედრო ბაზად, რომელშიც ამერიკელებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ და ყველაფერი აკეთონ, რაც მოესურვებათ.
ქართველების უმეტესობას სჯერა, რომ ნატო – სამხედრო ორგანიზაციაა. არავინ ახსენებს იმას, რომ საფრანგეთმა ნატოს სამხედრო ორგანიზაცია დატოვა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად დარჩა. მან ეს 1974 წელს გააკეთა და „საფრანგეთის სუვერენიტეტის მთლიანად აღდგენის“ სურვილით ახსნა.
საქართველო ყველა თავისი პრობლემით დასავლეთისთვის ჯერაც ისევე უცხოა, როგორც 20 წლის წინ. სუვერენიტეტის დაცვა საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. მაგრამ რა არის სუვერენიტეტი, თუკი ქვეყანა გაყოფილია და მის ტერიტორიაზე ორი კვაზი-სახელმწიფო არსებობს?!
კიდევ ერთი, ფრიად ჭკუის სასწავლებელი მაგალითი ისტორიიდან: რამდენიმე წლის წინ გამჟღავნებული საბჭოთა დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ 1952 წელს იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა აშშ-ს გარიგება შესთავაზა: ის აერთიანებს გერმანიას და აღმოსავლეთ გერმანიიდან მიდის, იმ პირობით, რომ ეს გაერთიანებული გერმანია ნატოში შესვლაზე უარს იტყვის. ვაშინგტონმა ეს წინადადება უარყო, თუმცა ყოველთვის ამტკიცებდა, რომ რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა გერმანიის გაერთიანებისთვის 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემამდე!
გამოქვეყნებული დოკუმენტები ბევრი ექსპერტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლავრენტი ბერიამ დასავლეთის ქვეყნებს გერმანიის გაერთიანების და მისი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაქცევისკენ მოუწოდა. ჯეიმს უორბურგი (James Warburg) მიიჩნევს, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ ამის ნაცვლად მათ გადაწყვიტეს, დასავლეთ გერმანია ნატოში მიეღოთ, და 1955 წელს ქვეყანა ალიანს შეუერთდა.
გერმანიის შემთხვევა „გაყოფილი“ საქართველოსთვის მნიშვნელოვან დასკვნებს შეიცავს. ნატოში შესვლის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული დავების გადაჭრას ათწლეულებით გადადებს. ძალიან საეჭვოა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ს ახლა მეტად აღელვებდეს, ვიდრე მაშინ გერმანიის ტერიტორიული მთლიანობა აღელვებდა. ამის არანაირი ნიშნები არ არსებობს. მეტიც, როგორც გერმანიის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშშ-თვის გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ნატოში შესვლა.
ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავასკვნათ, რომ ყოველმა სახელმწიფომ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და არ ჰქონდეს იმათი დახმარების იმედი, ვისაც აქ თავისი ინტერესები აქვს.
საქინფორმი