საზოგადოება
ვანო დუმბაძე: „სააკაშვილის ხელისუფლების უკანასკნელი ბასტიონი“

1-dumbaze-obsh2თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადასვლა არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაზე უარს იტყვის. მის მეთოდებს ყველა კარგად იცნობს: რევოლუცია, პოლიტიკური დაპატიმრებები, ბიზნესისა და ტელეკომპანიების ხელში ჩაგდება, ოპოზიციის ჩახშობა, მშვიდობიანი აქციების სისხლიანი დარბევა და სხვა ბინძური ზომები.

მსგავსი რამ პრეზიდენტისა და მისი ბრიგადისგან უახლოეს თვეებშიც არის მოსალოდნელი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის – დავით უსუფაშვილის, თქმით, კოალიციაში „ბოლომდე არ ენდობიან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის კონსტიტუციურ უფლებას არ გამოიყენებს და კარგად მოიქცევა“. კოალიციის მეორე წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ „პრეზიდენტ სააკაშვილის ოდიოზური ფიგურისგან ყველაფერია მოსალოდნელი“.

პრეზიდენტმა თავისი ბრძანებით ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოიყვანა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებს აკონტროლებს, და ის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადასცა. ეს სტრუქტურა კი უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება. ამით სააკაშვილმა მთავრობას მთლიანად ჩამოართვა პრეზიდენტისა და მისი გუნდის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლის შესაძლებლობა.

მეორე ბრძანებულებით სააკაშვილმა სამთავრობო კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლიდან გამოიყვანა და ისიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუქვემდებარა. სააკაშვილს ახლა შეუძლია ახალი მინისტრებისა და მათი ხელქვეითების სატელეფონო საუბრებთან დაშვება მოიპოვოს და, აგრეთვე, ნებისმიერ მომენტში დაბლოკოს კავშირი.

გარდა ამისა, მისი პარტიის დამარცხების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარმა უსაფრთხოებამ ააღელვა და იმავე სამსახურის სტრუქტურაში ახალი ოპერატიული დეპარტამენტი შექმნა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება ევალება.

პრეზიდენტის კონტროლქვეშ რჩება სასამართლო სისტემა, მერიები და გუბერნატორები, თავიანთ პოსტებზე დარჩებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებიც.

აშკარაა, რომ ქართული სახელმწიფოს მეთაური ძალაუფლების ნარჩენებს საკუთარ ხელში უყრის თავს. პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერ თეიმურაზ შაშიაშვილის აზრით, მსგავსი ქმედებები მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალ გადატრიალებას ამზადებს. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი ომბუდსმენის – სოზარ სუბარის, მიერ არჩევნების წინ გაკეთებული განცხადება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის სხვადასხვა რაიონში 20-მდე ბინა შეიძინა. სუბარის თქმით, მათ იმ იარაღის საწყობებად იყენებენ, რომლის დახმარებით X-მომენტში მთელი დედაქალაქის კონტროლზე აყვანას სწრაფად შეძლებენ. აქტიური ქმედებები დაიწყება საინფორმაციო სივრცეშიც. კონტროლირებადმა ტელეკომპანიებმა ივანიშვილისა და მისი კოალიციის ავტორიტეტი უნდა გააცამტვერონ. ძირითადად, უცხოელ მაყურებელზე ორიენტირებულ ტელეარხ „პიკს“ დაფინანსება მწვავედ შემოაკლდა და არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. როგორც ჩანს, მთელი თანხები შიდა აუდიტორიასთან სამუშაოდ იქნა გადასროლილი.

გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ თავისი განკარგულებით საგანგებო გასამხედროებული დაცვის სამსახური შექმნა, რომელიც უშუალოდ მას დაემორჩილება და აუცილებლობის შემთხვევაში მის ინტერესებში იმოქმედებს. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურმა უნდა დაიცვას დედაქალაქის ობიექტები, პირველ რიგში – პრეზიდენტის სასახლე, რომელიც, როგორც ჩანს, ხელისუფლებისათვის შემდგომ ბრძოლაში სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი გახდება.

პრეზიდენტის სასახლეში უკვე ორი კვირაა,  სხვადასხვა სამინისტროდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობისას დაგროვებულ დოკუმენტებს ეზიდებიან. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა სამინისტროებისა და უწყებების საბუთების ნაწილის გააშკარავების განზრახვის შესახებ განაცხადა, მთავრობის წევრებმა გააცნობიერეს, რომ თუ ზოგიერთი საქმე „ქართული ოცნების“ ხელში მოხვდება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩებიან. ცნობილი უფლებადამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტის“ თავმჯდომარე ქეთევან ადამიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ასეთი დოკუმენტაციის ნაწილი განადგურდა.

სანამ სააკაშვილი თავის პოსტზე რჩება, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართული ოცნება არ ახდეს. ასეთი აქტიური კანონშემოქმედებითობის გამომჟღავნებით, ძალების ერთ მუჭში თავმოყრით პრეზიდენტი აშკარად რევანშისთვის ემზადება. და თუ უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში ის ახალი მთავრობის მშვიდობიანად დისკრედიტაციას ვერ მოახერხებს, სააკაშვილი და მისი უახლოესი თანამებრძოლები მზად იქნებიან, ხელისუფლება ძალით დაიბრუნონ. ივანიშვილს ეს მშვენივრად ესმის და მხოლოდ ევროკავშირის ძლიერი ზეწოლის გამო გახდა იძულებული, უარი ეთქვა პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდებებზე. ასეთ სიტუაციაში საქართველოში ძალაუფლების ახალი დაპყრობის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება შესაძლოა, პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტი და მისი შემდგომი გადადგომა იყოს.