თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. რომის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი კატონი (უფროსი) სენატში ყოველ გამოსვლას ამთავრებდა ფრაზით: „კართაგენი უნდა დაინგრეს“. ახლა ეს ფრთიანი ლათინური გამოთქმა რაიმე დაბრკოლებასთან ბრძოლის დაჟინებულ მოწოდებას აღნიშნავს, ხოლო უფრო ფართო მნიშვნელობით – ერთსა და იმავე საკითხთან მუდმივად დაბრუნებას საერთო თემატიკის მიუხედავად.
დღეს საქართველოში დღის წესრიგში ბევრი თემაა: რატომ მიემგზავრებიან სასწრაფოდ ყოფილი მინისტრები საქართველოდან, რამდენ ხანს შეძლებენ მშვიდობიან თანაარსებობას სააკაშვილი და ივანიშვილი, ახდება თუ არა „ქართული ოცნება“ და როგორი გახდება საქართველო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მაგრამ იმ საკითხად, რომელსაც ყველა პოლიტოლოგი, ჟურნალისტი და ექსპერტი უბრუნდება, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი ბედი რჩება.არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლამის მეორე დღესვე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის პერსპექტივებთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა: „სააკაშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. თუ ის განცხადებას დაწერს, თანამდებობიდან წავა და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს – ყველაფერი ნორმაში ჩადგება. სხვა შემთხვევაში, ბევრი პრობლემა იქნება“.
განცხადებამ ევროკავშირის მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა, ქართველ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება პოვა და ივანიშვილისა და სააკაშვილის მომხრეებს შორის მასშტაბური დისკუსიები გამოიწვია. მაგრამ პრობლემებმა, რომლებზეც „ქართული ოცნების“ ლიდერი ლაპარაკობდა, უკვე იჩინა თავი.
მაგალითად, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში სოჭში, ხოლო როგორც მეზობელმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე ჩატარდეს“. ხოლო დეპუტატებმა არჩევნებში დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობიდან“ მყისვე გააკრიტიკეს ის მსგავსი გამონათქვამებისთვის და უკვე საკმაოდ გაცვეთილი „ჩერქეზული საკითხიც“ ჩაჩხირეს. ამავე დროს რეინტეგრაციისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაოცებულია, რატომ „უნდა იზარალოს ქართულმა სპორტმა მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიმპიადა სოჭში ტარდება“.
ბევრ კითხვასა და ვარაუდს იწვევს საქართველოდან რიგი მინისტრებისა და მოხელეების სასწრაფო გამგზავრება. ხანმოკლე დროის განმავლობაში ქვეყანა დატოვეს იუსტიციის ექს-მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ და სხვა ცნობილმა პოლიტიკოსებმა. ხოლო თუ სააკაშვილის ამასწინანდელ ბრძანებას გავითვალისწინებთ, რომლითაც თანამდებობიდან გათავისუფლებულ ყველა ჩინოვნიკს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის ვადა ერთი წლით გაუგრძელდა, მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა მოგვდის თავში: ქვეყნიდან მიემგზავრებიან ისინი, ვინც იცის, რომ დანაშაულები აქვს ჩადენილი.
პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებში პრინციპული განსხვავება საშუალებას არ მისცემს მათ, „პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის აყვავებული ბაღი“ შექმნან. სააკაშვილს წასვლა მაინც მოუწევს. და რაც მალე, მით უკეთესი. სხვა საქმეა – ეყოფა თუ არა მას კეთილგონიერება, რომ ეს უახლოეს ხანებში გააკეთოს, თუ ბოლო წუთამდე მოებღაუჭება ხელისუფლებას.
თუ იმ ბრძანებულებებით ვიმსჯელებთ, რომლებსაც სააკაშვილმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოაწერა ხელი, პრეზიდენტი უბრალოდ კი არ ებღაუჭება ხელისუფლებას, არამედ რევანშისთვის ნიადაგს იმზადებს: თავდაპირველად სახელმწიფო უზრუნველყოფის „ფულიანი“ სააგენტო დაიქვემდებარა, შემდეგ – სამთავრობო კავშირგაბმულობა, მერე კი ახალი ოპერატიული დეპარტამენტი შექმნა, რომელიც მისი ოჯახის მუდმივი დაცვისთვის არის განკუთვნილი. ეს ნაბიჯები მკვეთრად ეწინააღმდეგება პრეზიდენტისავე სიტყვებს, რომელმაც საჯაროდ აღიარა დემოკრატიული არჩევნები და ოპოზიციის გამარჯვება.
როგორც უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილი, დასავლური ტერმინოლოგიით, უკვე „კოჭლი იხვია“: ის თითქოს პრეზიდენტი კია, მაგრამ უკვე არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია. იმისათვის, რომ სახე შეინარჩუნოს და მეტ-ნაკლებად ღირსეულად წავიდეს პოლიტიკური სცენიდან, ჩვენი პრეზიდენტი უნდა გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს. ეს სწორი იქნება, ეს კაცური იქნება. და როგორც კატონმა გვიანდერძა: „კართაგენი უნდა დაინგრეს“.