თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. გია უჩავა, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის – ბადრი ბიწაძის, სისხლის სამართლის საქმის მთავარი მოწმე, ჩვენებას ცვლის და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. უჩავა სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 2011 წლის 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დააკავეს. შსს-მ გადამდგარი გენერლის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა, რომელშიც ის „შეფიცულების“ გეგმების შესახებ დეტალურად ჰყვება და საუბრობს დამატებით ძალაზე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იქნებოდა შეიარაღებული. უჩავას ჩვენების თანახმად, „შეფიცულებს“ პლასტმასის ხელკეტების გარდა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და რკინის ბურთების სასროლი შურდულები უნდა გამოეყენებინათ. ამასთან, მათ სამართალდამცველებზე თავდასხმები და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება ევალებოდათ.
დაკავებულის განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და შურდულების გამოყენების იდეა ბადრი ბიწაძეს ეკუთვნოდა და მასვე უნდა აეღო პასუხისმგებლობა 23 მაისიდან ამ ძალების მართვაზე.
უჩავას ადვოკატ კახა მუმლაძის განცხადებით, უჩავას სახალხო კრების 1 700 შეფიცულის გაუბედურებითა და პირადად მისი ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. მას დათა ახალაიას ბრძანებით „მოდულის“ შენობაში სასტიკად სცემეს, მერე კი გადაიყვანეს თოფურიძის კაბინეტში, სადაც ზეწოლითა და მუქარით ხელი მოაწერინეს ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ წინასწარ დაბეჭდილ ჩვენებაზე. ცემის შედეგად მიღებული ტრავმები მოგვიანებით ციხის საავადმყოფომ პატიმრის მიღებისას დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ გადამდგარი გენერლის ჩვენების გავრცელების შემდეგ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თუმცა მის ბრალდებაში არც ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება, არც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და არც სხვა დეტალი ფიგურირებს. ბიწაძეს ბრალად ედება მხოლოდ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელშეშლა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რის გამოც მას დაუსწრებლად 5,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ძებნა გამოცხადდა.
გია უჩავას ადვოკატ კახა მუმლაძის განცხადებით, უჩავა ახალი მთავარი პროკურორის ოფიციალურად დანიშვნას ელოდება და მზადყოფნას გამოთქვამს მასთან თანამშრომლობაზე.