თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოში თურქეთის საელჩოს პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანი დღესასწაულ „ქურბან ბაირამის“ დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოში მცხოვრებ თურქულ საზოგადოებას მიმართავს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
„ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდებით დღესასწაულს, რომლის არსიც მდგომარეობს ნათესაური და მეგობრული კავშირების გაძლიერებაში. ამ დროს ივიწყებენ წყენას, ხდება ურთიერთთანადგომისა და ერთობის სურვილის შედუღაბება, შეჭირვებულთა დახმარება და ღარიბების გახარება“.როგორც ელჩი აღნიშნავს განცხადებაში, დღესასწაულის დღეებში საჭიროა სათნოების, ტოლერანტობის შენარჩუნება და როგორც სირთულეებისა და პრობლემების, ისე სიხარულის ერთად გაზიარება.
„თქვენ, საქართველოში მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო მოქალაქეებო, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს შორის ყველა სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში. ვისურვებდი, რომ ჩვენი ერისთვის, მათთან ერთად მცხოვრები ქართველი საზოგადოებისა და სრულიად კაცობრიობისათვის, ეს დღესასწაული იყოს მშვიდობის, სიყვარულის, ძმური ურთიერთობის, დახმარებისა და კეთილდღეობის საწინდარი“, – აღნიშნულია თურქეთის ელჩ ლევენთ მურათ ბურჰანის მიმართვაში.
ცნობისათვის: დღესასწაული „ქურბან ბაირამი“ 2012 წლის 25 ოქტომბრიდან აღინიშნება.