თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „გივი თარგამაძე - არის მოლაყბე, ავანტიურისტი, ჯამბაზი და ლოთი, – განაცხადა ტელეარხ „Russia.ru“-თან ინტერვიუში პოლიტიკოსმა ბორის ნემცოვმა. ასეთი კომენტარი გააკეთა მან ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირში ბრალდების თაობაზე, რომელიც რუსული ოპოზიციის მისამართით ფილმ „პროტესტის ანატომია-2“-ში გაისმა.
ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ამასწინანდელი არჩევნები, რუსეთის რესპუბლიკური პარტია „პარნასის“ ლიდერ ბორის ნემცოვის განცხადებით, დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდა. მან დასძინა, რომ საბჭოს საარჩევნო სიიდან რამდენიმე კანდიდატი ამოიღეს – მათი რადიკალური შეხედულებების გამო. „საკოორდინაციო საბჭოში არ არის არცერთი ადამიანი, რომელსაც რუსეთისთვის „არაბული გაზაფხულის“ სცენარი სურდეს“, – განაცხადა ნემცოვმა ინტერვიუში.„არაბული გაზაფხულის“ მოვლენების კომენტირებისას ნემცოვმა აღიარა, რომ საჭიროა დემოკრატიის ჭეშმარიტ მომხრეთა მკაფიო გამიჯვნა ტერორისტებისგან. მან დაგმო შარშანდელი მოვლენები ლიბიაში და „შემზარავი“ უწოდა იმ „სისასტიკეს“, რომელიც ამბოხებულებმა ამ ქვეყნის ყოფილი ლიდერის – კადაფის, სიკვდილით დასჯისას გამოავლინეს.
გივი თარგამაძეზე საუბრისას, რომელიც ფილმ „პროტესტის ანატომია-2“-ის ერთ-ერთი მთავარი გმირია, ნემცოვმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს ეს ქართველი პოლიტიკოსი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ იულია ტიმოშენკოს შეხვდა, მოგვიანებით კი ამ შეხვედრის ამსახველი ფირი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც უარყოფითად იმოქმედა „აირის პრინცესას“ რეიტინგებზე. მანამდე ბელარუსის ტელევიზიამაც აჩვენა სკანდალური ვიდეოჩანაწერი თარგამაძის მოლაპარაკებისა ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ანატოლი ლებედკოსთან, რა დროსაც ქართველი სტუმარი თანამოსაუბრეს ლუკაშენკოს რეჟიმის დასამხობად ოთხ მილიონ დოლარს სთავაზობდა.
„თარგამაძე მოლაყბე, ავანტიურისტი, ჯამბაზი და ლოთია“, – ასკვნის ნემცოვი.