საზოგადოება
ტელეარხ „ПИК“-ის “ჩეჩნური ყურები“

1-pik-obsh3თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. კანადაში მცხოვრები ჩეჩნები ტელეკომპანია „ПИК“-ის მხარდასაჭერი განცხადებით გამოვიდნენ. „მივმართავთ საქართველოს ხელმძღვანელობას და პარლამენტს თხოვნით, არ წაართვან ასობით ათას მაყურებელს საყვარელი არხი“, – ნათქვამია კანადაში ჩეჩნური დიასპორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანადელი ჩეჩნები აღნიშნავენ, რომ „დიდი იმედგაცრუებით და განცდით აღიქვეს ინფორმაცია საქართველოს ერთადერთი რუსულენოვანი ტელეარხის დახურვის შესახებ. „ჩვენთვის ცნობილია, რომ „ПИК“-ის თანამშრომლები 25 ოქტომბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებენ და ამასთან დაკავშირებით კანადაში მცხოვრები ყველა ჩეჩენის სახელით სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ“, – ხაზგასმულია განცხადებაში.

„ჩვენ, ვინც იძულებული გავხდით, სამშობლო მიგვეტოვებინა, „ПИК“-ს აღვიქვამდით სატელევიზიო თავისუფლების ერთადერთ წყაროდ, – აღნიშნავენ კანადაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები, – სწორედ ახალი ამბებიდან და თემატური პროგრამებიდან ვიგებდით, რა ხდება ჩვენს სამშობლოში. რადგან ПИК ლაპარაკობდა იმაზე, რაზეც სხვები დუმდნენ! ყველაზე მძიმე დროს, როდესაც რუსეთის იმპერიულ პოლიტიკაზე სიმართლის თქმა სასიკვდილოდ სახიფათო იყო, ტელეარხ „ПИК“-ის ჟურნალისტები გაბედულად აწვდიდნენ ინფორმაციას მსოფლიოს მთელ კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე“.