პოლიტიკა
მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა

1-sxdoma-pol1თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა მინისტრთა კაბინეტმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გუშინ  პირველი და, ამავე დროს, სიმბოლური სხდომა გამართა.

სხდომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, სიმბოლურ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხებზე იმსჯელა. ამ საკითხთა ნუსხაში პირველი ადგილი სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ეკავა.

„სოფლის მეურნეობის საკითხებზე ვიმსჯელეთ, დაგეგმარება უნდა დავიწყოთ გაზაფხულისთვის,  რა ტექნიკა უნდა შევიძინოთ. ვიმსჯელეთ ჯანდაცვაზე,  გარემოს დაცვაზე და სხვა სამინისტროების საქმიანობაზე“.

ჟურნალისტების კითხვაზე დევნილთა მასობრივი შეჭრებისა და თბილისის მერიაში ინციდენტის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დევნილთა საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური თემაა. მისი თქმით, დევნილთა ორგანიზებულ შეჭრებში ძველი ხელისუფლება ძალიან აქტიურობდა. „მე ეჭვი მაქვს, ამას გადაწყვეტილების სახით არ გეუბნებით, როგორც ჩანს, არჩევნების დროს გასცეს დაპირებები და მძიმე სიტუაცია შეგვიქმნეს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ქუთაისშიც აპირებენ სასწრაფო შეკრებებს და ღონისძიებების გატარებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორშაბათს კვლავ შეიკრიბებიან, პირველ ეტაპზე კი შეხვედრებს უფრო ხშირი ხასიათი ექნება.