პოლიტიკა
პარლამენტმა სამთავრობო პროგრამასა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

parlammmmთბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა, რომელიც მწვავე გამოსვლების ფონზე მიმდინარეობდა, ახლახან დასრულდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ოპოზიციაში გადასული „ნაცმოძრაობის“ წევრები იმავე ბრალდებებს უყენებდნენ, რასაც გუშინ, კერძოდ, სამთავრობო პროგრამაში კონკრეტიკისა და ვადების არარსებობის თაობაზე. ამასთან, გამოთქვამდნენ ეჭვებს ახალი მთავრობის მიერ წანასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრები ყოფილ ხელისუფლებას მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსა და დანაშაულებრივ ქმედებებზე უთითებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ახალი მთავრობა ყველა გაცემულ დაპირებას შეასრულებს. განსაკუთრებით არგუმენტირებული გახლდათ „ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის, გამოსვლა.

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის კენჭისყრაზე  დააყენა საქართველოს პარლამენტის დადგენილება მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ. რეგისტრაცია პარლამენტის 141 წევრმა გაიარა. შედგა კვორუმი (76 ხმა), ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 88 პარლამენტარმა, ხოლო  წინააღმდეგ ხმა მისცა 54-მა. ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

„დღეიდან საქართველოს მთავრობას გამოცხადებული აქვს პარლამენტის ნდობა და უფლებამოსილი არიან, შეუდგნენ მუშაობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ყველას მადლობა გადაუხადა სხდომაში მონაწილეობისათვის.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მომდევნო კვირა ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კომიტეტების სხდომის ჩატარების კვირა იქნება.

შეგახსენებთ მთავრობის კაბინეტის შემადგენლობას:

პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია (ვიცე-პრემიერი);
შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
სასჯელაღსრულების მინისტრი – სოზარ სუბარი;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია;
ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
დევნილთა და განსახლების მინისტრი – დავით დარახველიძე;
ეკონომიკის მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი;
რეგიონული განვითარების მინისტრი – დავით ნარმანია;
ენერგეტიკის მინისტრი – კახი კალაძე (ვიცე-პრემიერი);
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი მარგველაშვილი;
ჯანდაცვის მინისტრი – დავით სერგიენკო;
გარემოს დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე;
სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;

სახელმწიფო მინისტრები:

კოტე სურგულაძე;
პაატა ზაქარეიშვილი;
ალექსი პეტრიაშვილი.