თბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი გუშინ, ახალი მთავრობისა და მისი პროგრამის დამტკიცებამდე, პარლამენტის უმცირესობას შეხვდა.
სამოქმედო პროგრამის გარშემო არსებული კითხვების გარდა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ შეხედულებებში ძალიან დიდი სხვაობის მიუხედავად, უმცირესობას ყველანაირი საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში. ამაში კი გადამწყვეტი იქნება, როგორც შეძლებს უმცირესობა შეცვლას და ახალ რეალობაში მუშაობას, რადგან „დასრულდა ეტაპი სიცრუისა და ძალადობის“.
ძირითადად, უმცირესობის წარმომადგენლები ივანიშვილს ადანაშაულებდნენ საარჩევნო პროგრამისა და არჩევნების შემდეგ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის შეუსაბამობაში, რომ სამოქმედო გეგმაში არსად იყო კონკრეტული თარიღი დასახელებული, რაზეც ივანიშვილი პასუხს სცემდა, რომ ჯერჯერობით არ იცნობდა საბიუჯეტო რესურსს და კონკრეტიკისგანაც ამ მიზეზით იკავებდა თავს.ზაზა ჯაფარიძის კითხვაზე პენსიის 220 ლარამდე გაზრდის შესახებ ივანიშვილმა უპასუახა, რომ ამ გეგმის სწრაფი ამოქმედება დამოკიდებულია ინვესტიციების მოზიდვაზე, შემოსავლის ზრდის ტემპზე და ბიუჯეტის მდგომარეობაზე.
გიგი წერეთლის შეკითხვის პასუხად საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის უზრუნველყოფის თაობაზე ივანიშვილმა კვლავ ბიუჯეტის რესურსი და საკუთარი საქველმოქმედო ფონდის თანხების გამოყენება დაასახელა.
ანალოგიური პასუხი გასცა მან კითხვაზე სოფლის მეურნეობის, მცირე ფერმერების, სტიქიით დაზარალებულთა კომპენსირებასთან დაკავშირებით.
აკაკი მინაშვილს აინტერესებდა, როგორ და როდის მოახერხებს ივანიშვილი რუსეთთან არსებული ემბარგოს მოხსნას და რა პირობებს შესთავაზებს „ოკუპანტ სახელმწიფოს“ ამ მიზნით, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ კონკრეტული დროის დაფიქსირება და მოთხოვნა შეეძლო ძველ მთავრობას, როცა მსო-ში რუსეთის გაწევრებაზე ხელი მოაწერეს. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ივანიშვილი არ გამორიცხავს უახლოეს დროში სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენას.
ტარიფების შემცირებაზე კოალიციის დაპირების თაობაზე დასმულ შეკითხვაზე ივანიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ კიდევ სწავლობენ, ვინ და რა დგას ამ ტარიფის უკან.
დავით საყვარელიძემ საქართველოში კრიმინალთან ბრძოლის ევროკავშირის შეფასებებით განსაზღვრული დაბალი დონე აღნიშნა და დაინტერესდა ახალი ხელისუფლების გეგმებით, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ ნაციონალთა აპრობირებული მეთოდებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
გიორგი კარბელაშვილის შეკითხვაზე – ორ წელიწადში აპირებდა თუ არა პოლიტიკიდან წასვლას, ივანიშვილმა უპასუხა, რომ – შეიძლება უფრო ადრეც, თუმცა
ის დარჩება ქვეყანაში, პასუხისმგებელი იქნება საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე და სამოქალაქო სექტორში გადავა ხელისუფლების კონტროლის მიზნით.
გოგი ოჩიაურის – კითხვაზე, კვლავ გააგრძელებდა თუ არა ივანიშვილი საქართველოს მიღწევების დისკრედიტაციას, ივანიშვილმა უპასუხა, რომ „ასე აპირებს გაგრძელებას“, რადგან მოახერხებს, უარი თქვას სიცრუის და ძალადობის მანქანაზე.
ნუგზარ წიკლაურმა ივანიშვილის პოზიციის ხშირ ცვლილებაზე ილაპარაკა, რის პასუხადაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ წიკლაურის „იდეოლოგია“ მისთვის
„დემაგოგიაა“.
დავით დარჩიაშვილმა თავის პოლემიკაში ელიტური კორუფცია უარყო. ივანიშვილი კი ჯერ კიდევ ბევრ სიურპრიზს დაჰპირდა ფაქტების გამომჟღავნებით.
პოლემიკის რეჟიმი აკაკი ბობოხიძემ განაგრძო და განაცხადა, რომ მხილებამ ქვეყანას ზიანი არ უნდა მიაყენოს, „მართალიც რომ იყოს“, და მხარი აუბა მისი გუნდის ბრალდებებს უმრავლესობის მხრიდან უმცირესობაზე ზეწოლისა და გადაბირების თაობაზე.
„მე არ ვაპირებ არც ოპოზიციაზე ზეწოლას და არც სიცრუით ცხოვრებას, არც მხილებებით არ ვარ დაკავებული და არც დისკრედიტაციით, – უპასუხა ივანიშვილმა, – მე მუდამ მიცხოვრია სიმართლით და ასე გავაგრძლებ მომავალშიც. არასდროს არ ვიტყვი შავზე თეთრს. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკა“.
ფრაქციის პოზიციის დაფიქსირებისას უმცირესობის სახელით გიორგი ბარამიძემ ივანიშვილს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სამოქმედო გეგმა გაუკრიტიკა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ამ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.
„დოკუმენტში წერია, რომ რუსეთთან არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავებას აპირებთ. ეს არის თქვენი მიზანი, თუ რუსეთის ოკუპაციის მშვიდობიანი დასრულება არის თემა, რაზეც უნდა ილაპარაკოთ. თქვენი პროგრამა ეჭვს აჩენს, როგორ უნდა მისცეს ნორმალურმა ადამიანმა ამ ოფიციალურ დოკუმენტს თანხმობა, როდესაც თქვენ საქართველოს ოკუპაციას არც ერთხელ არ ახსენებთ“, – განაცხადა ბარამიძემ.
გარდა ამისა, დეპუტატმა ივანიშვილს წინასაარჩევნო რეჟიმიდან გამოსვლისკენ მოუწოდა და კოლეგების მსგავსად პრემიერობის კანდიდატს დისკრედიტაციული განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.
„ნუ დაგვიკარგავთ იმას, რასაც მივაღწიეთ, დაეყრდენით იმას, რაც გავაკეთეთ. თქვენ მუშაობის პროცესში აღმოაჩენთ ბევრ სიკეთეს და ბევრ შეცდომასაც და დარწმუნებული ვარ, რომ ამას იტყვით. თუმცა, ჩვენ შორის მაინც არის განსხვავებები. თქვენ გვერდით გიდგათ ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას უჩივის. ეჭვს ბადებს თქვენი სიმდიდრის დაგროვება იმ რუსეთში, სადაც ამის გაკეთება სუფთად თითქმის შეუძლებელია. თქვენი წარსული ეჭვებისა და ხიფათის შემცველია, იქნებ პუტინის ინტერესების გამტარებელი ხართ?! ეს შეკითხვა ლეგიტიმურია“, – დასძინა ბარამიძემ.
გოკა გაბაშვილმა ივანიშვილს მიმართა, რომ საქართველო „არ არის ერთი კონკრეტული ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი ტერიტორია. ეს არის ფუნქციონირებადი ორგანიზმი, ეს არის სახელმწიფო, ეს არის ქვეყანა და ამ ქვეყნის არც მექანიზმი, არც სულისკვეთება და არც მიმართულება თქვენ არ გესმით, ამიტომ ვერ მიიღებთ ჩვენს მხარდაჭერას“.
ბიძინა ივანიშვილმა თავის შემაჯამებელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ უმცირესობათაგან ბევრი ვერ ახერხებს რეალობის აღქმას, ისევ ძველი რიტორიკით აგრძელებენ, თუმცა ესეც მათი უფლებაა. უმრავლესობისგან კი მათ თავისუფლად აზრის დაფიქსირებისა და და გაკრიტიკების ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ.
24 ოქტომბერს ივანიშვილი შეხვდა უმცირესობის დეპუტაციასაც, თუმცა ეს შეკრება მთელი წლის ერთობლივი მუშაობის ფონზე ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
P.S. სხდომის დამთავრებისას ქუთაისში წვიმა წამოვიდა, წვიმდა პარლამენტის ნაჩქარევად ჩაბარებულ შენობაშიც, წვიმდა უმცირესობის დეპუტატთაგან ზოგიერთის თავშიც…
და კიდევ: პარლამენტში ოპერატორის ობიექტივმა მოსუნსულე ვირთხაც დააფიქსირა. კითხვაზე – კარგი, წვიმა წვიმად, მაგრამ აქ ვირთხას რაღა უნდოდაო?! – დარბაზიდან გამოსულმა უმცირესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა – ეს რუსეთის შპიონიაო, – უპასუხა.