პოლიტიკა
ივანიშვილის მთავარი მესიჯები

1-BIZ-politika-2თბილისი, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. „იმისათვის, რომ გამოირიცხოს ერთპიროვნული მმართველობა, ახლავე, ამ ეტაპზე საჭიროა კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილის შეცვლა და სახელმწიფო მმართველობის სათანადო მოდელის შემოღება“, – ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით მიმდინარე პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციით იქნება დადგენილი ისეთი მმართველობის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობას უზრუნველყოფს, ხოლო პოლიტიკურ ოპოზიციას ხელისუფლების საქმიანობის გასაკონტროლებელი ბერკეტები მიეცემა.

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ „ქვეყანაში დამთავრდა ჩემიანებად და სხვისიანებად საკუთარი მოქალაქეების დაყოფა“ და ახალი მთავრობა პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაუშვებს.

ასევე, „მთავრობა ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში“, – განმარტა მან.

პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ, რომელმაც გუბერნატორებისა და მერების არჩევითობის წინადადება წამოაყენა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ  მათი გუნდის მიზანი „რეალური თვითმმართველობის ამოქმედებაა“. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტი წლების განმავლობაში სრულიად საპირისპიროდ მოქმედებდნენ და დეცენტრალიზაციის ნაცვლად, მკაფიოდ ცენტრალიზებული მმართველობის ვერტიკალს ქმნიდნენ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ახალი მთავრობა შსს-ის საშინაო საქმეთა სამინისტროდ გარდაქმნის და სამოქალაქო სამსახურად ჩამოაყალიბებს. „არ დავუშვებთ, რომ პოლიცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ხალხის დაშინების მექანიზმად იქცეს“, – განაცხადა მან.

მისი გუნდის მთავარ მიზანზე საუბრისას კი ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მიზანი დეოკუპაცია იქნება, თუმცა, „ამასთან ერთად, ჩვენ გამოვძებნით გზებს აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით“.

ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით კი, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ „კომუნალური ტარიფები რეალურ გათვლებს დაეფუძნება და უმოკლეს ვადებში განხორციელდება მათი ხელახალი და სამართლებრივი გადაანგარიშება“. მისივე თქმით, განხორციელდება ეკონომიკის ტრუქტურული მოდერნიზებაც. „საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა ისეთი საბაზრო სისტემის ჩამოყალიბებაა, სადაც მონოპოლიების არსებობა გამორიცხული იქნება“, – აღნიშნა მან.

საგულისხმოა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო უმრავლესობას სამაგიერო გადაუხადა და ივანიშვილის 40-წუთიანი გამოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ტაში არ დაუკრა.