საზოგადოება
რამდენ „მწვანედ“ მიჰყიდა „მწვანე“ გაჩეჩილაძემ ივანიშვილს აფხაზეთი და სოჭის ოლიმპიადა-2014?

olimpiadaროგორც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმი” უკვე იტყობინებოდა, პუბლიკაციაში „საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადა-2014–ში სოჭში, ანუ როგორ ეპყრობიან ქართველებს რუსეთში“ (2011 წლის 18 თებერვალი www.saqinform.ge), სოჭს დსთ-ის, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს მედიის ხელმძღვანელთა და ჟურნალისტთა ჯგუფი ეწვია. ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ერთიანი საინფორმაციო ცენტრისა“ და ,,რია ნოვოსტის’’ მიერ ერთობლივად ორგანიზებული ამა წლის 9-12 თებერვლის პრესტურის მიზანი 2014 წლის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშებისა და XI პარალიმპიური თამაშებისთვის მზადების მსვლელობის გაცნობა იყო. ჟურნალისტურ პულში საქართველოს წარმოადგენდნენ: ყოველკვირეული გაზეთის „საქართველო და მსოფლიო“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ბონდო მძინარაშვილი და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომელმაც მკითხველს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა იმ ადამიანებზე, რომლებსაც იქ შეხვდა.

2011 წლის 22 თებერვალს კი „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ამ პუბლიკაციას 15-წუთიანი პრესკონფერენცია მიუძღვნა (პრესკონფერენციაზე დამსწრე 6 ჟურნალისტიდან ორი ჩვენი რედაქციიდან რომ არ ყოფილიყო და მათ ორი შეკითხვა არ დაესვათ, ის უფრო მალე დამთავრდებოდა) .

„რატომ ცდილობს ქართველი ჟურნალისტი რუსულ გაზეთში „კომსომოლსკაია პრავდა“ იმის დამტკიცებას, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის სამშენებლო მასალები (ქვიშა და ღორღი) არ გამოაქვთ აფხაზეთიდან, რასაც არც რუსეთი და არც აფხაზეთი არ მალავენ? როგორ ცდილობს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო გრუზინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგშვილი (სწორედ ასე წერია - ხიდირბეგშვილი!) „მწვანეთა „მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფითა და ლანძღა-გინებით გაამართლოს რუსეთის პოზიცია აფხაზეთიდან სამშენებლო მასალების გატანასთან დაკავშირებით“ - ასე იყო გამოცხადებული პრესკონფერენციის თემა.

როგორც ერთი დღით ადრე „მწვანეთა პარტიის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული „პრეს-რელიზი“ იუწყებოდა, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ურყევი მტკიცებულებები, რომლებიც სოჭში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის აფხაზეთიდან საშენი მასალის გატანას დაადასტურებდა.

გვინდა, პატივცემულ მკითხველს შევახსენოთ ფრაგმენტი სათაურით „მწვანეები შურისა და ბრაზისგან გამწვანდნენ“, რომელმაც ასე ააფორიაქა გაჩეჩილაძე:

„მართალია თუ არა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - ახალი სარკინიგზო და საავტომობილო გზები, ასევე – ოლიმპიური ობიექტები აფხაზეთიდან შემოტანილი ინერტული მასალებით შენდება, სადაც, როგორც ამბობენ, ამის გამო სანაპირო ზოლი და პლაჟები აღარ დარჩა?“ - ვკითხე (ა. ხიდირბეგიშვილი – საქინფორმი) პრესკონფერენციაზე სოჭის მერს, ანატოლი პახომოვს.

„ამას უფრო დაზუსტებით მშენებლები გეტყვიან, მაგრამ, როგორც მერმა, შემიძლია განვაცხადო, რომ ინერტული მასალების ასზე მეტი მომწოდებელი გვყავს და ყველა შემოთავაზებიდან ტერიტორიულად ყველაზე ახლო მყოფებს ვირჩევთ: ეს მთავარი კრიტერიუმია, ამიტომაც ეს, ძირითადად, კრასნოდარის მხარე და სოჭის ოლქია“ ,- მიპასუხა ქალაქის თავმა.

იგივე კითხვა დავუსვი ღია სააქციო საზოგადოება სოჭის „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელს – ანდრეი დუდნიკს, რომელმაც ღიმილით განმიმარტა: „ჯერ ერთი, რომ აფხაზეთთან ჩვენი დამაკავშირებელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები ისეთი სიმძლავრის არაა, რომ დიდი მოცულობის ინერტული მასალები გადაიტანო; მეორეც, იქიდან მასალების ჩამოტანა ჩვენთვის არარენტაბელურია, ის ქვიშა და ღორღი ოქროს ფასი დაგვიჯდება!“.

აქ უკვე მე გამეღიმა: უცებ გამახსენდა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის – გია გაჩეჩილაძის ბრაზით გამწვანებული სახე, რომელიც მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის ფეხზე დაყენებითა და სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლით დაიმუქრა იმის გამო, რომ აფხაზეთიდან ინერტული მასალების გატანა, შესაძლოა, გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზად იქცეს, რაც შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანას შეეხება!

როგორც ჩანს, გია გაჩეჩილაძემ, რომელიც საქართველოს ეკოლოგიის მინისტრი ვერ გახდა (ისევე, როგორს მისი ცნობილი მოგვარე ვერ გახდა საქართველოს პრეზიდენტი), არ იცის, რომ სოჭში ყოველ ხეს, რომელიც სატრანსპორტო მაგისტრალის გაყვანის გზაზე ხვდებათ, ფაქიზად გადარგავენ სხვა ადგილას!

ახლახან კი თბილისში, უძველეს და ულამაზეს დავით აღმაშენებლის გამზირზე (საბჭოთა ხანაში - პლეხანოვის, ხოლო რევოლუციამდე - მიხაილოვის პროსპექტზე) ასობით სავსებით ჯანსაღი უნიკალური მაგნოლია მოჭრეს, რომელთა ასაკიც 40-50 წელი იყო (არადა, ისინი 100 წლამდე ხარობს!). სად იყო მაშინ საქართველოს „მწვანეთა“ მთავარი გიორგი გაჩეჩილაძე?! ანდა მაშინ, როცა სანაპიროზე, ჩოგბურთის უძველეს კორტებთან მდებარე პარკში უზარმაზარ ხეებს ანადგურებდნენ?! აჰ, ალბათ, საჩივრებს წერდა საერთაშორისო ორგანიზაციებს - სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მოთხოვნით...“

ახლა კი მკითხველს ვთავაზობთ ბატონი გაჩეჩილაძის გამოსვლას პრესკონფერენციასა და კერძო ტელეკომპანია „კავკასიის“ საღამოს ეთერში, რომლის მფლობელი და ტელეწამყვანიც მისი მეგობარი დავით აქუბარდიაა (პასუხები სრულებით იდენტური იყო, „შპარგალკაზე“ ჩაწერილი, რადგან, მთავარი ქართველი „მწვანე“, როგორც ჩანს, ფანტაზიასა და ელემენტარულ ლოგიკასთან მწყრალად გახლავთ):

„2008 წლის 11 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა გასცა დირექტივა სეპარატისტულ რეგიონებთან ოფიციალური ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. 2008 წლის 20 მაისს უკვე გაგრაში ბაგაფშსა და კრასნოდარის გუბერნატორს – ალექსანდრე ტკაჩოვს შორის მოეწერა ხელი აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიადისთვის სამშენებლო მასალების ინერტულად მიწოდების დოკუმენტს. 2008 წლის 31 მაისს აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსეთის ჯარები და აღადგინეს სარკინიგზო ტრასა და ხიდები. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მთავარი ის არის, რომ ამ სტატიის შინაარსი სერიოზულად ვერ აღვიქვი, რადგან არ დარჩა აფხაზეთისა და რუსეთის არც ერთი დიდი მოხელე, რომელიც არ აღიარებდეს, რომ აფხაზეთიდან გადის სოჭის ოლიმპიადისთვის სამშენებლო მასალები. 2009 წლის 25 მაისს რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზოვი სოხუმში ვიზიტისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთიდან დაიწყება სამშენებლო მასალების მოპოვება სოჭის ოლიმპიადისთვის. 2010 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის მთავრობის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ადასტურებს აფხაზეთიდან სამშენებლო მასალების გადინებას.

ასევე, ძალიან მაინტერესებს, რატომ დაემთხვა ხიდირბეგიშვილის სტატია „კომსომოლსკაია პრავდაში“ 18 თებერვალს მედვედევის განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ? რატომ არის ამ სტატიაში „მწვანეთა პარტია“ სალანძღავ ფონად გამოყენებული, იმისათვის, რომ ხიდირბეგიშვილმა დაამტკიცოს, თითქოს აფხაზეთში არაფერი საშინელება არ ხდება? მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მათ შორის – გრუზინფორმს. ჯერ ერთი, არ ვიცი, ეს რა ორგანიზაციაა (არ იცის, და ლანძღავს! – საქინფორმი), მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს. კომუნისტების დროს, მახსოვს, ასეთი სააგენტო, რომელიც 9 აპრილს, როდესაც დიდი უბედურება დატრიალდა საქართველოში, აცხადებდა, რომ ქართველებმა დახოცეს რუსი ჯარისკაცები. „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ დისკრედიტაციას ეს ხალხი ვერ მოახდენს, რადგან ჩვენთვის პირიქით – სასიხარულოა ის, რომ რუსულ პრესაში გვლანძღავენ. მე, პირადად, მივმართავ ბატონ არნო ხიდირბეგშვილს და გრუზინფორმს: არ არის აუცილებელი საქართველოში იმოღვაწონ. მოჰკიდოს თავის სააგენტოს ხელი და გადავიდეს ან სოჭში, ან აფხაზეთში და იქ განაახლოს თავისი მოღვაწეობა და თავისი თვალით ნახოს, რა ხდება. ნუ შეყავს საზოგადოება შეცდომაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გააგრძელებს ქვეყნისა და ,,მწვანეთა პარტიის’’ შეურაცხყოფას, სიყალბის გავრცელებისთვის სასამართლოში ვუჩივლებთ.

„მწვანები’’ გამწვანდნენ ბოღმისაგან და შურისაგან იმიტომ, რომ სოჭის ოლიმპიადა ტარდება“ – წერს სტატიაში ხიდირბეგშვილი. სულ არ გვაინტერესებს, ზამთრის ოლიმპიადა სად ჩატარდება, თუ უნდათ – სიმბირში ჩაატარონ, ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ აფხაზეთში შევინარჩუნოთ ეკოლოგიური მდგომარეობა.

ჩვენ ამ პრესრელიზს გადავუგზავნით რუსეთის არასამთავრობო სექტორს, რომელიც, თითქმის 3 წელია, იბრძვის სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ და აფიქსირებს იმ პოზიციებს, რასაც ვაფიქსირებთ ჩვენც. სოჭის ოლიმპიადა ეკოლოგიურად არა მარტო აფაზეთს აბინძურებს, არამედ დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებს ანადგურებს. ეს ყველაფერი კი ხიდირბეგშვილმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს!“.

კორ.: – თუ ეს ყველაფერი იცის სტატიის ავტორმა, მაშინ რატომ დაწერა სტატია?

გ.გ.: –გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების შეკვეთილი სტატია! წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი სააგენტო ვერ იარსებებდა! ეს რომ ასეა, თქვენც დარწმუნდით: შეხედეთ – არც ერთი სამთავრობო არხი არ მოვიდა პრესკონფერენციაზე. ეტყობა, უფრთხილდებიან ხიდირბეგშვილს, მეტი ახსნა ამას არ გააჩნია. ყველა აღიარებს, რომ კატასტროფა ხდება აფხაზეთში და ერთადერთი არის დედამიწის ზურგზე ხიდირბეგშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით ამბობს, რომ იქ არაფერი ხდება. ვფიქრობ, ალბათ, საქართველოს ხელისუფლება ამით სამეგობრო სიგნალებს აძლევს რუსეთს!

კორ.: – და მეგობრობა ცუდია?

გ.გ.: – მეგობრობა ვისთან, რუსეთთან? ვისაც უნდა, იმეგობროს (საღამოს, „კავკასიის“ ტელეეთერში უფრო მხიარულად – „ტრაკზე საკოცნელად ჩადის“ – უთქვამს)! მე მეგობრობას არ ვაპირებ მედვედევთან და პუტინთან! თუ ვინმე მეგობრობას აპირებს, ჯერ ტერიტორიები დააბრუნოს და მერე ვიმეგობროთ. ვიღაც სახლში შემომივარდეს, ოჯახი ამიწიოკოს, ტერიტორიები წამართვას და იმასთან ვიმეგობრო?! ეგეთი რამე მე არ გამიგია!

 

ზემოთქმულთან დაკაშირებით საქინფორმი უფლებამოსილია განაცხადოს:

 1) გაჩეჩილაძე საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს ჯიბის ჟურნალისტს უწოდებს, რომელიც ხან – რუსეთის ხელისუფლების შეკვეთით წერს, მას გულღიად რომ მასპინძლობს, და ხანაც - საქართველოს ხელისუფლების შეკვეთით, მას რომ თავზე დაჰკანკალებს და ხიდირბეგაშვილის მეშვეობით რუსეთს მეგობრულ სიგნალებს უგზავნის“. ამ ფაქტის (აშკარად – სამედიცინო წარმოშობის) კომენტირებას საქინფორმი არ აპირებს,რადგან ეს არა საინფორმაციო სააგენტოს, არამედ ფსიქოტერაპევტის კომპეტენციაა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მას სასამართლოში ვუჩივლოთ „ჯიბის ჟურნალისტის“ გამო, თუმცა გაჩეჩილაძისნაირი სუბიექტების მხრიდან ლანძღვა – ჩვენთვის საუკეთესო ქება და მტკიცებულებაა, რომ საქინფორმი სწორ გზას ადგას;

2) საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორისა და დირექტორის გვარია ხედირბეგშვილი და არა ხიდირბეგშვილი, როგორც არაერთგზის წარმოთქვა გაჩეჩილაძემ და თანაც, ყოველ ჯერზე „შპარგალკაში“ იხედებოდა. ეს მოწმობს:  

– გაჩეჩილაძე ან ცუდად კითხულობს ქართულად და რუსულად;

– ან გაჩეჩილაძე გაუნათლებელია, რადგან ნებისმიერმა ქართველმა, ვინც მინიმალურად მაინც იცნობს საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებს, იცის, რომ თავადური გვარი „ხიდირბეგიშვილი“ წარმოითქმება „“-თი. სწორედ ქართული ტრადიციების შესაბამისად მოსთხოვდა ხიდირბეგიშვილი გაჩეჩილაძეს პასუხს შეურაცხყოფისთვის, სააგენტოს ჟურნალისტების მთელ კოლექტივზე პასუხისმგებლობას რომ არ გრძნობდეს და ეს რომ საგანგებოდ მოწყობილი პროვოკაცია არ იყოს. და საერთოდაც, შესწევს კი უნარი საქართველოში ყველასთვის ცნობილ გაჩეჩილაძეს (საჭირო არაა იმის დაზუსტება, თუ რითაა ცნობილი - ეს ხომ მუშტაიდის ხეებმაც კი იციან!), მართლა შეურაცხყოს საქინფორმის მთავარი რედაქტორი ა. ხიდირბეგიშვილი?!

– გაჩეჩილაძეს ქართული გვარი კი აქვს, მაგრამ შეიძლება ქართველი ან, უბრალოდ, კაცი უწოდო ადამიანს, რომელიც მოწინააღმდეგეს „დისტანციურად“ ლანძღავს, რადგან იცის, რომ იმ მომენტში პირისპირ ვერ უპასუხებს (პირდაპირ ტელეეთერში პროვოკაციების სპეციალისტმა, ჟურნალისტმა აქუბარდიამ ხომ არნო ხიდირბეგიშვილი სტუდიაში არ მიიწვია!)?

შეიძლება თუ არა ქართველი უწოდო ადამიანს, რომელმაც არ იცის, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მთელ კავკასიაში, გვარის შეგნებულად დამახინჯება წინაპრების, გვარის, მშობლების შეურაცხყოფის ტოლფასია?!

მაგრამ გაჩეჩილაძემ ეს შეუგნებლად თუ გააკეთა, მაშასადამე, კაცს, რომელსაც პარტიის ლიდერობისა და საქართველოს ბუნების დამცველის პრეტენზია აქვს, უნარი არ შესწევს დაიმახსოვროს და სწორად წარმოთქვას („შპარგალკით“ წაკითხულიც!) ერთი ქართული გვარიც კი!

 3) სამწუხარო ის კი არაა, ინტელექტით მისივე ბადალ აქუბარდიასთან ერთად ჩვენი დამმოძღვრავი გაჩეჩილაძე გაზეთებს რომ არ კითხულობს და ჟურნალისტ ხიდირბეგიშვილის გვარი არ იცის (რომელიც, სამაგიეროდ, მშვენივრად იცის მისმა მეგობარმა აქუბარდიამ), სამწუხარო ისაა, რომ გაჩეჩილაძე თავს უფლებას აძლევს, შელახოს სიტყვის თავისუფლება, შეურაცხყოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთელი კოლექტივი, ჟურნალისტები სამშობლოს მოღალატეებად შერაცხოს და საქართველოდან განდევნითა და სასამართლოთი დაემუქროს, რომლის მეშვეობითაც მორალური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს!

მაგრამ როგორ შეიძლება აუნაზღაურო ადამიანს ის, რაც მას არ აქვს და იმთავითვე არ გააჩნდა?! გაჩეჩილაძეს რომ მორალი ჰქონდეს, ეცოდინებოდა, რომ მისი კომპენსირება შეუძლებელია სასამართლოს მეშვეობით მიღებული ფულითაც! ნებისმიერი ეროვნების მამაკაცისთვის ოდითგანვე არის ცნობილი სხვაგვარი, როგორც ჩანს, გაჩეჩილაძისთვის უცნობი, მეთოდი. მაგრამ თუ გაჩეჩილაძე თავს ჭეშმარიტ ევროპელად და დემოკრატად მიიჩნევს, უნდა იცოდეს, რომ მასმედიის თავისუფლების დონე სახელმწიფოში დემოკრატიის დონის მაჩვენებელია, ხოლო საქინფორმი არა მარტო საინფორმაციო, არამედ ანალიტიკური სააგენტოცაა, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს არა კერძო, არამედ სწორედაც რომ სახლემწიფოებრივი, საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესებით, ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სრული უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და კრიტიკა, რომლის შეზღუდვის უფლება არავის, მათ შორის „მწვანეთა პარტიის“ ლიდერსაც კი, არ აქვს!

ყველაზე დიდი მორალური ზარალი გაჩეჩილაძემ საკუთარ თავს თვითონ მიაყენა, როცა საქინფორმის ჟურნალისტთა წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლა გადაწყვიტა; ასევე, – აქუბარდიამაც, რომელმაც იგი პირდაპირ ტელეეთერში პუბლიკის სამასხარაოდ აქცია (უნდა ითქვას, რომ აქუბარდიას შოუ წარმატებული გამოდგა!);

გაჩეჩილაძემ არც კი იცის პირველი საინფორმაციო სააგენტოს – საქინფორმის სახელოვანი ისტორია, რომლის არსებობის ხანაშიც იზრდებოდა თვითონაც და მისი მშობლებიც, რადგან საქინფორმი 1921 წელს დაარსდა და გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოს ერთადერთ საინფორმაციო სააგენტოს წარმოადგენდა. და რომ 2006 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქინფორმის რუსთაველის №42-ში მდებარე მისი კუთვნილი პრესტიჟული შენობის გამო 5 მილიონ 50 ათას დოლარად მიჰყიდა ფიზიკური პირების ჯგუფს, რომლებმაც მოითხოვეს, რომ მათი ვინაობა საიდუმლოდ დარჩენილიყო... და რომ ზუსტად 4 წლის შემდეგ ახალგაზრდა დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კოლექტივმა აღადგინა საქინფორმი,მაგრამ უკვე როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო, და აქუბარდიას რომ არ დავიწყებოდა, რომ ტელეეთერის დროს ის, პირველ რიგში, ჟურნალისტია და მხოლოდ ამის შემდეგ - გაჩეჩილაძის მეგობარი, მაშინ ჟურნალისტური კოლეგიალობის ნორმებს არ დაარღვევდა;

 4) გაჩეჩილაძე ადეკვატური და მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანი რომ ყოფილიყო, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარი რედაქტორისა და მთელი რედაქციის შეუარცხყოფამდე, თავს შეიწუხებდა და საქინფორმის საიტს www.saqinform.ge მოინახულებდა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ „2011 წლის 25 იანვარს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის საქმიანობა დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. „ დიდი საქმეა, ამას რომ აკეთებთ, ნამდვილად ეროვნულია, ძალიან გამახარა თქვენმა წამოწყებამ. თქვენი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირფასია და ჩვენ ყველაფერში მხარში ამოგიდგებით! დაგლოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“ - საქართველოს პატრიარქის ეს სიტყვები ჩვენი საიტის თავშია განთავსებული, საქინფორმის ლოგოს გვერდით და შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო! მაშ, ვინ ხართ, ბატონო გაჩეჩილაძევ, რომ შეურაცხყოფა მიაყენოთ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც თავად პატრიარქმა დალოცა?! შემთხვევით კი არაა აქუბარდია თქვენი მეგობარი, რომლის მიერ პირდაპირ ტელეეთერში მოწყობილი შარშანდელი პროვოკაციის გამო დღეს საპყრობილეში უდანაშაულო ადამიანები - „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის’’ წევრები სხედან!

5) ყველაფერი, რაზეც ამა წლის 22 თებერვალს შურისა და ბოღმისგან გამწვანებული გაჩეჩილაძე ლაპარაკობდა, სიცრუე და პროვოკაციია: ხიდირბეგიშვილის პუბლიკაცია საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ვებსაიტზე www.saqinform.ge დაიბეჭდა, ხოლო გაზეთმა „კომსომოლსკია პრავდამ“ ის, უბრალოდ, გადაბეჭდა (ისევე, როგორც დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების მრავალმა გაზეთმა და საინფორმაციო სააგენტომ), სხვათა შორის, წყაროს მითითებით, სახეცვლილი სათაურითა და წინასიტყვაობით. მაგრამ საქართველოს პატრიოტი გაჩეჩილაძე, ეტყობა, მხოლოდ რუსულ მედიას კითხულობს და სულში კომკავშირელად რჩება, ამიტომაც შენიშნა მხოლოდ „კომსომოლკა“;

 6) გაჩეჩილაძე რუსეთის ისეთ ნოსტალგიას განიცდის, სადაც „ტრაკზე საკოცნელად ჩადიან“ (როგორც „კავკასიის“ ტელეეთერში განაცხადა, ალბათ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით), რომ მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში, ქართულად ლაპარაკისას, ჩვენ დაჟინებით რუსულად გვიწოდებდა „გრუზინფორმს“ და არც კი უეჭვია, რომ „გრუზია“ ქართულად „საქართველოა“ და ამიტომ ჩვენს სააგენტოს ქართულად „საქინფორმი“ ჰქვია;

7) არანაირი მასალები, რომლებიც აფხაზეთიდან საშენი მასალების გამოტანას დაადასტურებდა, გაჩეჩილაძეს, დაპირების მიუხედავად, არ წარმოუდგენია - მას ხომ პრესკონფერენციაზე მარტოდენ ჟურნალისტების მიტყუება და თავისი ექსცენტრული ფიგურისადმი ინტერესის გაღვივება სურდა, რომელსაც საქართველოში სერიოზულად არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ აღიქვამს. თბილისში ზის და ინტერნეტში რუსულ ენაზე მოძიებული ინფორმაციით ჟონგლირებს, რადგან ჰგონია, რომ მის გარდა საქართველოში რუსულად კითხვა აღარავინ იცის. მის მიერ მოყვანილი, რუსი და აფხაზი პოლიტიკოსების განცხადებები უფრო მეტად განზრახვებზე მეტყველებს, ხოლო ქართველმა ჟურნალისტებმა - ხიდირბეგიშვილმა და მძინარაშვილმა ახლახან მოინახულეს სოჭში ყველა, თითქმის დასრულებული, ოლიმპიური ობიექტი, ჩამოიტანეს ფოტო, ვიდეო და აუდიომასალები, რომლებსაც საქინფორმის საიტზე www.saqinform.ge და ასევე, ყოველკვირეულ გაზეთში „საქართველო და მსოფლიო’’ www.geworld.net შეგიძლიათ გაეცნოთ.

 8) გვიხარია, რომ რუსულ პრესაში გვლანძღავენ!“ - ერთხმად განაცხადა გაჩეჩილაძე&აქუბარდიას „ტკბილმა წყვილმა“, რომლებსაც სერიოზულად ჰგონიათ, რომ რუსეთში მათ ვინმე იცნობს. „თქვენ ერთადერთი ხართ, ვისიც რუსეთის ხელისუფლებას ეშინია!“ - სრული სერიოზულობით უმღერის პანეგირიკებს აქუბარდია გაჩეჩილაძეს და მხედველობაში აქვს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ უკანასკნელის ეშინია იმიტომ, რომ მას შეუძლია სოჭის ოლიმპიური თამაშები ჩაშალოს... არა, ქართველი საზოგადოებისთვის ამ „ტკბილ წყვილთან“ დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, თუმცა გაუგებარია: რაში დასჭირდათ მორიგი თვითლუსტრაცია?!

„სოსო ცინცაძემ დამირეკა, - ამბობს ტელეეთერში აქუბარდია, - და მითხრა, რომ გაჩეჩილაძეზე „კომსომოლკაში“ დაუბეჭდიათ“! ჰოდა, ვინაა ამის შემდეგ ხელისუფლების მიერ ანგაჟირებული ჟურნალისტი: ხიდირბეგიშვილი თუ აქუბარდია?! ხომ სავსებით ნათელია, რომ გაჩეჩილაძემ, თავისი უხეირო რუსულით (ისევე, როგორც ინტერნეტის ცოდნით, სხვაგვარად, ხიდირბეგიშვილის სტატიას გადაბეჭდილს ნახავდა არა მარტო „კომსომოლკაში“, არამედ ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვა ელექტრონულ მედიაში), ვერ შეძლო „კომსომოლკაში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის წაკითხვა - მას აქუბარდია მიეხმარა და ამავე დროს ე. წ. პრესკონფერენციისთვისაც მოამზადა. ხოლო აქუბარდიამ ეს ინსტრუქცია მიიღო „ზემოდან“ - სოსო ცინცაძისგან (ხელისუფლების „ჯიბის“ ექსპერტისგან, რომლის არც ერთი პროგნოზიც აქამდე არ გამართლებულა, საქართველოს კომპარტიის ცკ–ის ყოფილი პოლიტპროპაგანდისტისგან, ხანდაზმულობაში რომ დაწერა ნატოს სახოტბო წიგნი);

9) აქუბარდიას ვურჩევთ, თავს ძალა დაატანოს და როგორმე წაიკითხოს ზემონახსენები პუბლიკაცია საიტზე www.saqinform.ge (რომლის შესახებაც, ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე, მთელი საღამო ლაპარაკობდა) და ყურადღება მიაქციოს მის სხვა ფრაგმენტს სათაურით „ქართველი ჟურნალისტები აფხაზეთიდან ორ ნაბიჯში“, ასევე, ნახოს ფოტოსურათები, სადაც ქართველი ჟურნალისტები ბონდო მძინარაშვილი და ხიდირბეგიშვილი ფსოუს ხიდთან დგანან. „იმ წუთში ყველაზე მეტად მინდოდა, რამდენიმე ნაბიჯი გადამედგა და სამშობლოში აღმოვჩენილიყავი...“ - ასე ამთავრებს ხიდირბეგიშვილი პუბლიკაციის იმ ნაწილს. თქვენ არ გენატრებათ აფხაზეთი, ბატონო აქუბარდია?!

დიახ, აფხაზეთი ძალიან ახლოა, მაგრამ წესიერი და გონიერი ადამიანებისთვის და, თუ ჩვენმა პუბლიკაციამ ოდნავ მაინც დააახლოვა საქართველო რუსეთთან, თავს ბედნიერად ვიგრნობდით და ჩავთვლიდით, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მიზანი ბრწყინვალედაა მიღწეული! ეს ნიშნავს, რომ ლტოლვილები აფხაზეთში დაბრუნებას შეძლებენ, ხოლო საქინფორმი და ხიდირბეგიშვილი აყვავებულ საქართველოში იმუშავებენ! ძნელი სათქმელია, სად იქნება ამ დროს ბატონი გაჩეჩილაძე, თუმცა იმ რეკლამისთვის, რომელიც მას ამ დღეებში საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გაუკეთა (არ ვუწოდებთ გაჩეჩილაძეს პოლიტიკურ გვამს მხოლოდ იმის გამო, რომ ცოცხალი პოლიტიკოსი არც არასდროს ყოფილა), მთავარ „მწვანეს“ ,,მწვანეებით“გადახდა მოუწევს! საიდან მოიტანს დოლარებს?! დაე, რუსეთის ფედერაციის ოლიმპიურ ორგკომიტეტს მოსთხოვოს, XXII ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ხომ მან საქართველოში ჩინებული რეკლამა გაუკეთა!

P. S. არა, როგორც ჩანს, მაინც დაეჯერება იტალიელ ციხის ექიმ-ფსიქიატრ ჩეზარე ლომბროზოსა და ცნობილ ქართველ პოეტ რეზო ამაშუკელს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ადამიანის გარეგნობა მის შინაგან ბუნებასა და ინტელექტს წარმოაჩენს! ახლა კი წუთით წარმოიდგინეთ ეს „ბერმუდის სამკუთხედი“: გაჩეჩილაძე-აქუბარდია-ცინცაძე... წარმოიდგინეთ?! აი, ახლა კი შეიძლება დავძინოთ No comment”…

ახლა კი – ყურადღება! 2012 წლის 1 ოქტომბერს „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, რომლის ლიდერი – მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი – ორივე ხელით ემხრობა ოლიმპიადა-2014-ის სოჭში ჩატარებას და მასში საქართველოს მონაწილეობას!

რამდენ მწვანე დოლარად მიეყიდა ივანიშვილს „მწვანე“ გაჩეჩილაძე, რომელიც სიბრაზისგან „გამწვანდა“ – ამჯერად იმის გამო, რომ ეკოლოგიის მინისტრის სავარძელთან დაკავშირებით ისევ გადააგდეს და მხოლოდ დეპუტატის მანდატი ერგო?

ნუთუ ის უკვე ვეღარ ხედავს ინერტულ მასალებს აფხაზეთის სანაპირო ზოლიდან, „რომელიც ეკოლოგიურ კატასტროფას განიცდის“?!