სამართალი
თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც იუწყება საქინფორმი, დღეს დეპუტატების გადაბირების მცდელობებზე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. უმცირესობის წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, „ ქართული ოცნება“ რამდენიმე კანონმდებელზე ზეწოლას ახდენს იმ მიზნით, რომ მათ დატოვონ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები და უმრავლესობას შეუერთდნენ.
„ქართულ ოცნებაში“ ამ ბრალდებას უარყოფენ და უმცირესობის ამ განცხადებას პრევენციულ ზომებს მიაწერენ.კოალიციის წევრი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. „ჩემი აზრით, ალბათ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მათი სიით გასული გარკვეული დეპუტატები, რომლებიც გახდნენ პარლამენტის წევრები, ფიქრობენ პოზიციისა და პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას და რაღაც პრევენციულ განცხადებებს აკეთებენ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 5 მაჟორიტარმა (გოდერძი ბუკიამ, კახა ოქრიაშვილმა, გოგი ლიპარტელიანმა, სერგო ხაბულიანმა და ენზელ მკოიანმა) უკვე დატოვა საპარლამენტო უმცირესობა. როგორც თავად აღნიშნეს, ისინი პარლამენტში აქტიურობას ეკონომიკური მიმართულებით გააგრძელებენ, იქნებიან პრაგმატულები და მხარს დაუჭერენ ყველა პროექტს, რომელთაც ქვეყნის სასიკეთოდ ჩათვლიან.