თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კოალიცია „ქართულ ოცნებას“, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით, დეპუტატების გადაბირებაში ადანაშაულებენ. როგორც საგანგებო ბრიფინგზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ რამდენიმე კანონმდებელზე ზეწოლას ახდენს იმ მიზნით, რომ მათ დატოვონ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები და უმრავლესობას შეუერთდნენ.
თაქთაქიშვილის განმარტებით, საუბარია იმ მაჟორიტარ დეპუტატებზე, რომლებიც მსხვილი ბიზნესის მფლობელები არიან.„ქართული ოცნების“ მხრიდან გრძელდება არაკონსტრუქციულ რეჟიმში არადემოკრატიული და არაკანონიერი მეთოდებით ზეწოლის განხორციელება მთელ რიგ დეპუტატებზე იმ მიზნით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა“, – აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
მისივე განმარტებით, კოალიციის წევრთა მხრიდან ადგილი აქვს დეპუტატების ნათესავების მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელების მუქარასაც.
„საქართველოს მოქალაქეებმა განსაზღვრეს არა მხოლოდ ის, რომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ არჩვენებში, არამედ მათ დაადგინეს კონკრეტული მანდატების რაოდენობა, რომლებსაც ფლობს უმრავლესობა და უმცირესობა. ასეთი არადემოკრატიული და არაკონონიერი მოქმედებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მხრიდან არის დემოკრატიული პროცესების უგულებელყოფა და ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა“, – დასძინა თაქთაქიშვილმა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უმცირესობის წარმომადგენლებზე რაიმე ზეწოლის განხორციელებას უარყოფენ.