თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს დილიდან საპარლამენტო კომიტეტებში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის წევრების პროგრამების განხილვა მიმდინარეობს. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს თავიანთ სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ წინადადებებს აცნობენ. ამ მოსმენების შედეგად გადაწყდება, დაუჭერენ თუ არა ისინი კანდიდატებს მხარს ხუთშაბათის სხდომაზე.
შსს მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის მოდერნიზებას გეგმავს. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზება. „დანიშვნისთანავე მე ამ ამოცანის შესრულებას დავიწყებ. ამას გარდა, იქნება რიგი რეფორმებისა, რომლებიც ჩვენ ეტაპობრივად, რბილად უნდა განვახორციელოთ... არცერთი თანამშრომელი არ უნდა გათავისუფლდეს უსამართლოდ. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატ კახი კალაძის განმარტებით, აუცილებლად გაგრძელდება მცირე და საშუალო, ასევე, დიდი ჰესების მშენებლობა, ოღონდ „ეს მოხდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, რადგან დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა იყო უწინ საზოგადოებაში და მომავალში, როცა დავიწყებთ ამ თემებზე საუბარს, ეს პროექტები აუცილებლად ურთიერთშეთანხმებით გაგრძელდება“.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატ დავით დარახველიძის თქმით, მისდამი დაქვემდებარებული სამინისტრო ყველა მიმართულებით იმუშავებს. „ეს იქნება ბინების მშენებლობა, ფართების შესყიდვა და ლტოლვილებისთვის გადაცემა, ფულადი კომპენსაციის მიცემა. ყველა ეს საკითხი იქნება განხილული რაც შეიძლება მოკლე ვადებში, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს“, – განაცხადა მან.
სოზარ სუბარის შეფასებით, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატია, მას არ უნახავს უფრო კორუმპირებული სისტემა, ვიდრე აღნიშნული უწყებაა.
„ეს არის ყველაზე უფრო კორუმპირებული სისტემა, გაცილებით უფრო კორუმპირებული, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო, საშინლად არის გაზრდილი თანხები, რომლებსაც პატიმრებს სძალავენ და ზოგჯერ კორუფცია და ადამიანის უფლებათა დარღვევა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. გრძელვადიანი პაემანისთვის პატიმარს, რომელთანაც მეუღლეს უშვებენ, ახდევინებენ 1000 დოლარს და ამის შემდეგ მათი ერთად გატარებული დრო ხდება ყოველთვიური და ყოველწლიური გამოძალვის საგანი, რადგან გადაღება ხდება ცოლქმრული ცხოვრების... ის, რაც ამ სისტემაში ხდებოდა, წარმოუდგენელია ადამიანური გონებისთვის. ამის გამოსწორება საჭიროებს ძალიან სერიოზულ რეფორმებს და ადამიანურ მიდგომას“, – განაცხადა სუბარმა.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე, ასევე, საუბრობს იმ მომავალ გეგმებსა და პირველ ნაბიჯებზე, რომლებსაც უწყება განახორციელებს. „საგარეო ორიენტირები – ესაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება აშშ-თან, ძალიან კარგი ურთიერთობები მეზობლებთან – აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან და, რასაკვირველია, მცდელობა, რომ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან“, – აღნიშნა მან.
საპარლამენტო უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს სამთავრობო პროგრამასა და კანდიდატებს, უმცირესობა კი აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამის იმ ელექტრონულ ვერსიაში, რომელიც მათ გუშინ გვიან ღამე მიიღეს, ძალიან ბევრი არათავსებადობაა წარმოდგენილ და წანასაარჩევნო პროგრამას შორის.
მთავრობის წევრები უმრავლესობას და უმცირესობას ხვალ შეხვდებიან.