პოლიტიკა
ევროკავშირთან მოლაპარაკებები გრძელდება

1-evropolitikaa2თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობის კანცელარიაში ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე ევროკავშირის დელეგაციას მასპინძლობს. მთავარი საკითხები, რომელთა მიღწევასაც საქართველო ცდილობს, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობაა. ამჟამად  მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდი მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების კიდევ 3 ან 4 რაუნდი წარიმართება, რომელთა დროსაც ევროკავშირთან  ასოცირების შეთანხმება განიხილება.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო დიალოგია, რომელიც 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში  უვიზოდ გადაადგილების საშუალება ექნებათ.

„ერთიანი მიზანია, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს მომავალი წლის მეორე ნახევარში და ამის შემდეგ საქართველოს, რა თქმა უნდა, მიეცემა კიდევ უფრო დიდი პერსპექტივები, რომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. აგრეთვე,  ჩვენ ვცდილობთ, დავასრულოთ ვიზა-დიალოგი ევროკავშირთან მომავალი წლის ბოლოს. მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვილნიუსის აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტი, სადაც საქართველომ უნდა მიიღოს ძალიან მნიშნელოვანი გზავნილი ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა გორდაძემ.

ევროკავშირის აღმოსავლეთპარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ გუნარ ვიგანდის თქმით, იგი მოხარულია, რომ კვლავაც საქართველოში იმყოფება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

„ახლა თქვენს ქვეყანაში ძალაუფლების გადაბარების პროცესია. პარლამენტში ახალი უმრავლესობა და მთავრობაა არჩეული, პრემიერ-მინისტრთან ერთად. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მთავრობის გადაბარება არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეიცვლება. ჩვენ იმავე კურსს გავაგრძელებთ... იმედი გვაქვს, მომავალი წლისთვის ასოცირების შეთანხმება, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც მოიცავს, საბოლოო სახეს მიიღებს“, – განაცხადა ვიგანდმა.

მთავრობის კანცელარიაში გამართულ მოლაპარაკებებს პრეზიდენტთან არსებული უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლები, ცალკეული უწყების ხელმძღვანელები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით ზალკალიანი ესწრებიან.

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება და შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც.