თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საელჩო პოლონეთში ქართველი მიგრანტების ბედით დაინტერესდა.
სხვადასხვა კანონდარღვევის გამო პოლონეთში დაკავებული ქართველები გაუსაძლისი პირობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. საქართველოს 30-მდე მოქალაქეს შორის რამდენიმე ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ისინი ამჟამად ბელოსტოკთან მდებარე სამხედრო ბაზის სიახლოვეს იმყოფებიან. პოლონეთში საქართველოს საელჩო მზად არის დახმარების აღმოსაჩენად, თუმცა დაკავებულებს მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ.ერთ-ერთი მიგრანტის თქმით, „დაკავებულებს უხეშად ჩხრეკენ, აშიშვლებენ და ათას საძაგლობას აკეთებენ. ერთხელ ოთახში შემოგვიცვივდნენ და ერთ-ერთ ქართველს ელექტროშოკი დაარტყეს. არავინ გვეხმარება. საქართველოში გამოგზავნა რომ მოვითხოვოთ, ორი თვე მაინც ამ პირობებში მოგვიწევს ყოფნა“.
საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი აცხადებს, რომ „თუ პატიმრებისგან მოთხოვნა იქნება, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან, მივიდნენ, თუმცა ჯერჯერობით საელჩოსადმი ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა“.
საქინფორმს აინტერესებს: როგორ წარმოუდგენია პოლონეთში საქართველოს ელჩს დაკავებული ადამიანების მოთხოვნის ფორმა სატუსაღოდან – საელჩოში?! განა საქართველოს საელჩოს, როცა გაიგო, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს აწამებენ და აბუჩად იგდებენ, თავად არ უნდა გამოეჩინა ინიციატივა?
საქართველოს საელჩო პოლონეთში არის კი საქმის კურსში, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში უახლოეს წარსულში საქართველოს ციხეებში წამების ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენების შემდეგ?! თუ საქართველოს საელჩოს პოლონეთში – ისეთივე დამოკიდებულება აქვს მომხდართან დაკავშირებით, როგორც მის კოლეგას – ელჩს დიდ ბრიტანეთში?! აი, ქალბატონო მაია ფანჯიკიძევ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატო, თქვენ, კიდევ ერთი უსულგულო დიპლომატი, – დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩ გიორგი ნადირაძისა და საბერძნეთში საქართველოს კონსულ ნუკრი გოგიტიძის შემდეგ...