თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია „ლიბერალური კვალი საქართველო“ უგზავნის საქინფორმს მიმართვას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ კოტე სურგულაძის სახელზე, რომელსაც ვაქვეყნებთ ცვლილებების გარეშე:
„ბატონო კოტე,
ციხეების შემზარავი კადრების გავრცელების მეორე დღეს მთელმა საქართველომ მასმედიის საშუალებით იხილა, თუ რა რეპლიკით მიმართა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძემ ლონდონში საქართველოს საელჩოსთან პროტესტის გამოსახატავად შეკრებილ ემიგრანტებს. „ცოცხი გაიკეთე უკან“, – ეს იყო ის ფრაზა, რომლითაც მან აქციის მონაწილეებს მათთან გასაუბრებამდე მიმართა.ჩვენი ორგანიზაცია, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, ვგმობთ ამ ფაქტს და ვთვლით, რომ საქართველოს ელჩის ასეთი არაპროფესიონალიზმი და ხალხის სიძულვილი სირცხვილია არა მხოლოდ ემიგრანტთათვის, არამედ სრულიად საქართველოს საზოგადოებისათვის.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ თქვენი მინისტრად დამტკიცებისთანავე დაუყოვნებლივ გადაიხედოს გიორგი ბადრიძის თანამდებობის საკითხი და მოხდეს სამინისტროს მიერ ამ ფაქტზე რეაგირება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს დიასპორისა და დიასპორასთან დამოკიდებულების გაჯანსაღების პროცესს.
http://www.youtube.com/watch?v=SVRgW4YPO7U “
ჩვენს ორგანიზაციას დაწყებული აქვს ხელმოწერების შეგროვება გიორგი ბადრიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ და მალე გააცნობს საზოგადოებას ამ პროცესის შედეგებს.
დიდი მადლობა,
ლიბერალური კვალი საქართველო / Liberal footprint Georgia
(ჩვენი „ფეისბუქის“ გვერდი http://www.facebook.com/pages/LIberal-Footprint-Georgia/280077512108293?fref=ts)”
P.S. საქინფორმი თვლის, რომ ზემოთ გამოქვეყნებული მიმართვა არა მარტო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ კოტე სურგულაძეს ეხება, ეს უნდა გაითვალისწინოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემაც. ქალბატონ მაიას ვურჩევდით, მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ დაუყოვნებლივ გადახედოს არამარტო დიდ ბრიტანეთში ელჩის კანდიდატურას, არამედ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობას ბევრ ქვეყანაში, ელჩი იქნება ეს, თუ დესპანი.
მაგალითად, 2011 წლის 28 დეკემბერს საქინფორმმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა საბერძნეთში საქართველოს დესპანის – ნუკრი გოგიტიძის, დესტრუქციული, დიპლომატისთვის შეუფერებელი მოღვაწეობის, მის არანაკლებ, ვიდრე დიდ ბრიტანეთში ელჩის უხამსი და პროვოკაციული მოქმედებების, თაობაზე, რისი დამადასტურებელი ფაქტი გაგზავნილ იქნა უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს inform@mfa.gov.ge ელექტრონულ მისამართზე.
2011 წლის 29 დეკემბერს საქინფორმმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემდეგი დასტური მიიღო: „მადლობა! მივიღეთ და გავეცანით თქვენ მიერ გამოგზავნილ მასალას“, მაგრამ ნუკრი გოგიტიძე ისევ დესპანის თანამდებობაზე დარჩა. მაშინ ეს გასაკვირი არ იყო, რადგანაც ნუკრი გოგიტიძე „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო და ყველა პარტიულ უკანონო დავალებას პირნათლად ასრულებდა.
დღეს კი, ახალი ხელისუფლების პირობებში, რომლის ლანძღვა-გინებას სოცქსელებში ნუკრი გოგიტიძე დიდ დროს უთმობდა (დღეს ეს ჩანაწერები „Facebook”-ში მისი გვერდიდან წაშლილია, მაგამ მისი მეგობრების გვერდებზე ჯერჯერობით დარჩა), სათანადო შეფასება უნდა მიეცეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს დესპანი საბერძნეთში ნუკრი გოგიტიძე იყო შევარდნაძის კორუმპირებული მთავარი სამხედრო პროკურორი და ჯერ კიდევ იმ დროიდან შემჩნეულია ბევრ სამსახურებრივ და სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელთა დამადასტურებელ ფაქტებს საგარეო სამინისტრო დაინტერესების შემთხვევაში ადვილად მოიპოვებს.