პოლიტიკა
სააკაშვილი ქვეყნის პოპულარიზაციას გააგრძელებს

1-dubdai-saakaთბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დუბაიში „ენერგეტიკული საერთაშორისო ფორუმი-2012 მსოფლიო ლიდერებისთვის“ მუშაობაში მონაწილეობს, სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. ქვეყნის მეთაურის თქმით, საქართველოში კვლავაც უნდა გაგრძელდეს ის აღმშენებელობა, რომელიც მისი მთავრობის მმართველობის პერიოდში დაიწყო. მისივე განცხადებით, დროა, ქვეყანაში დაირღვეს ტრადიციულად არსებული ოპოზიციური ტენდენცია, რადგან აქამდე ოპოზიციის მთავარი ფუნქცია მთელი მსოფლიოს წინაშე საკუთარი ქვეყნის ლანძღვა იყო.

„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და, ამა დროს, ოპოზიციური ძალის ლიდერი, გავაგრძელებ საქართველოს პოპულარიზაციას და დანარჩენმსოფლიოს ჩვენს ქვეყანას კვლავაც ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო დანიშნულების ადგილად გავაცნობ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის მეთაურს დიდ შეცდომად მიაჩნია ახალი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცხადებული დიდი ჰესებისა და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ახალი პორტების მშენებელობის შეჩერება, რადგან ეს ელექტროენერგიის დეფიციტსა და სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს. „სამუშაო ადგილებს ქმნის არა რაიმე სხვა ფაქტორი, არამედ ეკონომიკაში ჩადებული ფული, ახალი საწარმოები, ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი პორტები, რაც შესაბამისად აისახება საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასა და ოჯახების შემოსავლების ზრდაზე“, – განმარტა მან.

სააკაშვილის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას წინამორბედმა მთავრობამ ბიუჯეტში ძალიან ბევრი ფული დაუტოვა. „ფაქტი ჯიუტია – საქართველოში პენსია გაიზარდა 10-ჯერ, დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა 100-ჯერ, აშენდა ახალი საავადმყოფოები. კარგი იქნება, თუ ახალი მთავრობა ყოველივე ამის გაუმჯობესებაზე იმუშავებს“, – დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.

შეგახსენებთ, რომ დუბაიში გამართული ფორუმის მთავარი თემა უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის გამომუშავების გზების მოძიებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში სოციალური და ეკონომიკური განვითარების მტკიცე საფუძველს შექმნის.

ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიწვეული 2500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.