აქტუალური
ირაკლი ალასანია: „აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავარი სურვილი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებაა“

1-irakli-alasania-1თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ ალასანიამ სააგენტო „АПА“-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავარი სურვილი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებაა. „ეს შედის როგორც ჩვენს, ისე თქვენს ინტერესებში და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშიც. ასეთია ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ალასანიამ.

შეკითხვის პასუხად, თუ როგორ პოზიციას დაიკავებს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დაიწყება, ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ კავკასიაში ასეთი ტრაგედია არ მოხდება. „ორივე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ამას არ დაუშვებენ. ეს კარგად ესმით ბაქოშიც და ერევანშიც. ჩვენ აზერბაიჯანსა და სომხეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ორივე ქვეყანა მიზანმიმართულ ზომებს მიიღებს ომის თავიდან ასაცილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური პროცესი დადებითად განვითარდება და ომი არ იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

medianews.ge