აქტუალური
კახა კალაძე: „ჩემი საქმიანობა ყოველთვის დაეფუძნება კანონის პატივისცემას“

1-kalaZe-aqtualurii3თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება სააქციო საზოგადოება „საქჰიდროენერგომშენთან“ დაკავშირებით, რის გამოც განცხადებას ავრცელებს.

საქინფორმი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მასმედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე, რაც სააქციო საზოგადოება „საქჰიდროენერგომშენს“ ეხება.

სს „საქჰიდროენერგომშენის“ აქციათა 45 პროცენტი ეკუთვნის ჰოლდინგ „კალა კაპიტალს“, რომლის მფლობელიც მე გახლავართ.

სს „საქჰიდროენერგომშენი“ სხვა პროექტებთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც.

ამდენად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10  დღის ვადაში „კალა კაპიტალი“  დაიწყებს  სს „საქჰიდროენერგომშენში“  კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას.

რაც შეეხება ჩემს სხვა ბიზნესსაქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ენერგეტიკულ სექტორს, მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას“.