თბილისი, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ წუთებში მიმდინარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომლის მთავარი საკითხია სამთავრობო პროგრამა „გზავნილი საქართველოს“. დეპუტატები უკვე ეცნობიან დოკუმენტს, რომლის განხილვაც, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა თქმით, კომიტეტებში ხვალიდან დაიწყება. პროგრამას თავად მინისტრობის კანდიდატები წარმოადგენენ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებით კი, ისინი ამ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ და გარკვეული შეკითხვები აქვთ მინისტრობის კანდიდატებთან.„ჩვენ მივესალმებით ყველაფერ კარგს, რაც გაკეთდება ამ ქვეყანაში, ჩვენი მიზანი არ არის ოპონირება, ჩვენი მიზანი არ არის კრიტიკა. თუ მთავრობა გააკეთებს რაიმე კარგს და გადადგამს ნაბიჯს წინ, ჩვენ გვეყოფა იმის პოლიტიკური სიმამაცე, რომ ამას მივესალმოთ. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობაზე, მათ გეგმაზე, იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი იმ ძალიან ბევრი წინასაარჩევნო დაპირების კონკრეტულ პროგრამაში გადატანას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და რომელსაც ამ დღეებში ვიხილავთ“, – აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
უმცირესობის წარმომადგენელ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, მათ ძალიან აინტერესებთ ის გეგმები, პროგრამა და ხედვები, რაც ახალ ხელისუფლებას ექნება. „ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ იმ შედარებაში, თუ რამდენად თავსებადია ეს ახალი გეგმები წინასაარჩევნო დაპირებებთან, რომლებსაც ისინი ასე უხვად გასცემდნენ. მაგრამ რაც შეეხება ნდობის გამოცხადებას და პასუხისმგებლობის აღებას, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს არის უმრავლესობის პრეროგატივა, მათი მიიღონ გადაწყვეტილება, აიღონ პასუხისმგებლობა, ხოლო ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
უმრავლესობის წარმომადგენლის, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – ზაქარია ქუცნაშვილის, თქმით კი, პროგრამის მხარდაჭერა განპირობებულია ხალხის ხმით. „ხალხმა თქვა, რომ ჩვენ ამ პროგრამის რეალიზება გვინდა. ამიტომაც პარლამენტი, ამ ხალხის არჩევანიდან გამომდინარე, არის უკვე შეზღუდული, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გააკეთოს უკვე თავისი არჩევანი. პროგრამა ძალიან მრავალპლანიანია და ის ეხება ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის პრობლემატიკით დამთავრებულ საკითხებს“, – განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტის ბიუროს სხდომას ჟურნალისტები არ ესწრებიან. გადაღების საშუალება მხოლოდ ოპერატორებს მიეცათ.