თბილისი, 22 ოქტომბერი. საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა დეპუტატებს ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შემადგენლობა გააცნო:ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 65 დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი;
ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ – 11 დეპუტატი, თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი;
ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ – 9 დეპუტატი, თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი.
ფრაქციები ქმნიან უმრავლესობას, რომლის ლიდერად იმერლიშვილმა დავით საგანელიძე დაასახელა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერად დავით ბაქრაძე დასახელდა.
უმცირესობის შემადგენლობაში შედიან:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“, თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები“, თავმჯდომარე ტარიელ ლონდარიძე.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებს – გოდერძი ბუკიას (ხობი),კახა ოქრიაშვილს (დმანისი), გოგი ლიპარტელიანს (ლენტეხი), სერგო ხაბულიანს (ცაგერი) - და ენზელ მკოიანს (ნინოწმინდა), საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებას არ აპირებენ.
მათი განცხადებით, ისინი პარლამენტში აქტიურობას ეკონომიკური მიმართულებით გააგრძელებენ, იქნებიან პრაგმატულები და მხარს დაუჭერენ ყველა პროექტს, რომელთაც ქვეყნის სასიკეთოდ ჩათვლიან. ფრაქციად ჩამოყალიბების შემთხვევაში კი მათი პირობაა, მათ გვერდით ყოფნის მსურველი დეპუტატი იყოს უპარტიო.