თბილისი, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.
პირველ სხდომაზე მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმაც დაზუსტდა. დღეს, 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე კი ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველი ბიუროს სხდომა გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით, 23 და 24 ოქტომბერს ახალი მთავრობის საკითხზე საკომიტეტო მოსმენები გაიმართება და 24 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე ამ მოსმენების შედეგები შეჯამდება.მთავრობის ახალ შემადგენლობას კი პარლამენტი კენჭს ხუთშაბათს, 12:00 საათზე, დანიშნულ პლენარულ სხდომაზე უყრის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ წარუდგინა.
„უმცირესობასთან კონსულტაციები გვქონდა და არის მოსაზრება, რომ შემდეგი პლენარული სხდომა, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მოხდება, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, გაიმართოს“, – განმარტა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უმცირესობა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს – ის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.