საზოგადოება
ივანიშვილი: „მოწიწების გამოხატვა გვიჭირს“

1-sazogadoeba-2თბილისი, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის ახალი შენობა არ მოეწონა. კოალიციის ლიდერის განცხადებით, ზაფხულში საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში მუშაობა შეუძლებელი იქნება. „აქ იქნება საშინელი ტემპერატურა, აქ ვერ გაჩერდები ზაფხულში, წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ უნდა გაიტანო აქედან ის ენერგია, რომელსაც ზაფხულში მზე გამოაფრქვევს... პარლამენტის თბილისში გადატანაზე ძალიან სერიოზული საუბარი მიდის და ამავდროულად ქუთაისელებს  საწყენს არაფერს დავუტოვებთ. ქუთაისს არ ეყოფა ეს შენობა, მას სჭირდება სერიოზული მიხედვა, ყურადღება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს შესატყვისი ღირსება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა კომენტარი პარლამენტში პრეზიდენტის შემოსვლის დროს „ქართული ოცნების“ წევრების ქმედებაზეც გააკეთა. მმართველი გუნდი სხდომათა დარბაზში სააკაშვილის შესვლისას ფეხზე არ ადგა. ივანიშვილის თქმით, ამაში განსაკუთრებული არაფერია. „ასეთი რამ, როგორც ვიცი, ევროპაშიც ხდება. პრინციპში, ნორმალურია პოზიცია-ოპოზიციის დამოკიდებულება, ჩვენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი გვაქვს ის ძალადობა, რომელიც მათ განახორციელეს მთელი ერთი წლის განმავლობაში და ახლა რომ უცებ დემოკრატები ხდებიან, ძალიან გვიჭირს ამის დავიწყება. ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ რეალურად, რომ სახე შევუნარჩუნეთ მათაც, მაგრამ მოწიწების გამოხატვა ჯერ გვიჭირს და, პრინციპში, ეს ნორმალურია. თუმცა ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას უნდა ავერიდოთ, ვითანამშრომლოთ, ქვეყანას მოვემსახუროთ და არ იყოს პოლიტიკური ნიშნით არავითარი პასუხისმგებლობა“, – განმარტა მან.