პოლიტიკა
პრეზიდენტ სააკაშვილის ძირითადი მესიჯები

1-politikaaa-3თბილისი, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

რეგლამენტის შესაბამისად, პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, რომელიც საგრძნობლად აღელვებული ჩანდა. საგულისხმოა, რომ დარბაზში უმცირესობის შესვლისას მათ „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს, სხდომათა დარბაზში  პრეზიდენტის შესვლისას კი ფეხზე არავინ წამომდგარა, ხოლო მიკროფონი რამდენიმე წუთის განმავლობაში არ ჩაირთო და ტელემაყურებელმა ქვეყნის მეთაურის პირველი სიტყვები ვერ მოისმინა. პრეზიდენტის გამოსვლა შემდეგაც ტექნიკური ხარვეზებით მიმდინარეობდა.

სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს იყო პირველი დემოკრატიული პროცესი, რომლის დროსაც ხალხს არჩევანის ალტერნატივა ჰქონდა.

„როგორც იქნა, ქართველმა ხალხმა შექმნა სისტემა, რომელშიც მთავრობა იცვლება არა ტყვიებით, ტანკებით, დრამატული რევოლუციებით ან, თუნდაც, ვარდებით, არამედ უბრალოდ, ბიულეტენებითა და ნორმალური არჩევნებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია რთული, უხამსი და გესლიანი იყო, მაგრამ ახლა მუშაობის დრო დადგა.

„გუშინდელი ოპოზიცია დღეს მთავრობაშია, ხოლო ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, ხვალ შესაძლოა, ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს“, – განაცხადა მან.

ქვეყნის მეთაურმა უმრავლესობას ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხალხისთვის მიცემული  დაპირებების შესრულება,  ხოლო უმცირესობას იმ ეფექტიან ოპოზიციად ყოფნა უსურვა, „რომელიც ქვეყნის მარცხს არასოდეს მოისურვებს“.

სხდომათა შორის შესვენებისას ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რის დამატებას ისურვებდა იგი ნათქვამისთვის, პრეზიდენტმა ჯერ უპასუხა, რომ დასამატებელი არაფერია, თუმცა, შემდეგ გაიხსენა, როგორ უწოდა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა „ჯადოქრები“ მუშებს, რომლებმაც ორ დღეში დაასრულეს ძირითადი სამუშაოები და დასძინა, რომ ნამდვილი ჯადოქრები მისი გუნდის წევრები არიან და მათი მხრიდან წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი.