პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა სირცხვილის დერეფნით დაიწყო

1-politi-MTთბილისი, 22 ოქტომბერი. საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

ახალაშენებული პარლამენტის შენობასთან ახალარჩეული პარლამენტის წევრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ე. წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. აქ იმყოფებოდნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ არჩევნების პერიოდში შეურაცხყოფილი მოქალაქეები, სტუდენტთა მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლები, ჭიათურის მაღაროელები, რომლებიც პრეზიდენტსა და მის გუნდს სტვენითა და შეძახილებით აცილებდნენ.

პარლამენტის  ახალი მოწვევის პირველ სხდომას ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, სტუმრის სტატუსით – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები და პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის გვერდით იჯდა.

სხდომაზე რეგისტრაცია 143-მა დეპუტატმა გაიარა.

1-politika1-1 1-politika-1-2