საზოგადოება
პადოშას ვარსკვლავური ჟამი...

1-pados-mtთბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ თბილისში მეშახტეთა სახლის კოშკის შპილიდან ვარსკვლავი მოხსნეს... არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლი, რომელიც დღეს, როგორც კინოს სახლი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობაა ცნობილი, უთავოდ დარჩა – ისევე, როგორც ქართული კინო და ქართული მეცნიერება... ის ისევე წაბილწეს, როგორც სტალინის თანხმობითა და მისივე ყურადღების ქვეშ აშენებული სხვა არქიტექტურული შედევრები, რომლებიც რუსთაველის გამზირს ამშვენებს: პარლამენტის შენობა (ყოფილი მინისტრთა საბჭო) და ცესკო (ყოფილი „იმელი“). ჰოდა, დგანან ისინი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე – სამშენებლო მესერით შემოღობილები, გაძარცვულები და ვიგინდარებისთვის მიყიდულები. სააკაშვილის ხელისუფლებამ სცადა, მათი მოგონებაც კი გაექრო, რადგან პირველის წინ „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მეორეში კი არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა.

ხოლო როდესაც აღება და აფეთქება, როგორც გორში სტალინის ძეგლის ან ქუთაისში დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალის, ტექნიკური მიზეზებით არ ხერხდება, ხელისუფლება არქიტექტურულ ძეგლებს სასტუმროებად და კაზინოებად ყიდის...

მაშ ასე, გუშინ თბილისში მეშახტეთა სახლის კოშკის შპილიდან ვარსკვლავი მოხსნეს...

ვის შეიძლებოდა  გაეკეთებინა ეს ვანდალიზმი? „ნაცმოძრაობას“, რომელიც პრეზიდენტის კონტროლს დაქვემდებარებული ადგილობრივი ხელისუფლების გამოყენებით ძეგლებთან ბრძოლას განაგრძობს? თუ ცნობილ ქართველ ალპინისტ თორთლაძეს, მეტსახელად პადოშას – წინა მოწვევის პარლამენტის წევრს, 2011 წლის 31 მაისს მიღებული „თავისუფლების ქარტიის“ ავტორს? კანონისა, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის აღმოფხვრა/არ დაშვებას ითვალისწინებს...

ინფორმაცია განსჯისათვის: „სახის მაგივრად „პადოშა“ აქვს!“ – ამბობენ საქართველოში თავხედ ადამიანებზე, რომლებსაც სირცხვილ-ნამუსი დაუკარგავთ. როგორც ცნობილია, ევერესტზე პირველ ასვლასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ პადოშამ პოლიტიკური ევერესტის დაპყრობა და პარლამენტარად კვალიფიკაციის შეცვლა გადაწყვიტა. ევერესტის მწვერვალზე – როგორც თვითონ ირწმუნებოდა – გადაღებული საეჭვო ფოტოების გამო სირცხვილნაჭამ პადოშას სწორედ რომ დროზე მოუსწრო აწ განსვენებულმა ზურაბ ჟვანიამ, რომელსაც მიშასთან გადაბარგებული ელექტორატის მიზეზით ძალიან სჭირდებოდა მეტ-ნაკლებად ცნობილი ხალხი. ევერესტის სკანდალი სწრაფად მიჩქმალეს, მეტიც, დააფინანსეს თორთლაძის წიგნი მისი დაპყრობების შესახებ, ხოლო თავად პადოშამ ხელისუფლებაში ასვლა დაიწყო, თუმცა, როგორც ხალხის რჩეულმა „ევერესტი“ მან ვერ დაიპყრო და მხოლოდ მის ძირში დარჩა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისელების მიერ მისთვის მოფიქრებული მეტსახელი.

დაბოლოს, პადოშას ვარსკვლავური ჟამიც დადგა – მან თბილისში მეშახტეთა სახლის კოშკი დაიპყრო და მისი შპილიდან ვარსკვლავი ჩამოხსნა! 

საქინფორმისთვის უცნობია – რას ფიქრობენ ამის თაობაზე ქართველი მეშახტეები, რომლებიც უკვე მერამდენე დღეა, ჭიათურის ყველა მაღაროში გაფიცული არიან.

საქინფორმისთვის უცნობია – პადოშამ ვარსკვლავი საკუთარი ხელით ჩამოხსნა, მის მიერ ინიცირებული კანონის მეშვეობით, თუ თანამზრახველთა დახმარებით.

საქინფორმისთვის უცნობია, ექს-პარლამენტარი გია თორთლაძე, რომელიც მწვერვალებს იპყრობდა და მათზე „ნაცმოძრაობის“ დროშებს ტოვებდა წარწერით „სიკვდილი რუს ოკუპანტებს!“, წიგნებს რატომ არ კითხულობს. სხვაგვარად ეცოდინებოდა, რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი – პენტაგრამა – დაცვისა და უსაფრთხოების უძველესი სიმბოლოა, რომლის პირველი გამოსახულებები ჩვ. წ. აღ-მდე 3500 წლით თარიღდება. ხოლო პითაგორა ამტკიცებდა, რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი თავის თავში ოქროს კვეთას შეიცავს (φ = 1,618) და პენტაგრამას „ჰიგიეიას“ (ύγιεια) უწოდებდა – ჯანმრთელობის ბერძენი ქალღმერთი ჰიგიას, ან ქართველი პარლამენტარი გია თორთლაძის პატივსაცემად.

საქინფორმი ეჭვობს, რომ „ვარსკვლავური“ ალპინისტი პადოშა მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს, მაგალითად – ვარსკვლავიან დროშებს ჩამოხსნის აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების შენობებიდან თბილისში; ვარსკვლავებს მოხსნის კაპიტოლიუმის გუმბათიდან ოსტინში, ტეხასის შტატში; დოგალის ბრძოლის ობელისკიდან რომში; კალიფორნიის უნივერსიტეტის შენობიდან ბერკლიში, ანდა ქრისტეშობის ბაზილიკის გუმბათიდან ბეთლემში.

P.S. ამოყირავებული პენტაგრამა სატანის სიმბოლოდ მიიჩნევა...

 

საქინფორმი

2012 წლის 19 ოქტომბერი, თბილისი

1-pados1 1-pados2
1-pados3 1-pados4
1-pados5 1-pados6
1-pados7 1-pados8
1-pados9 1-pados10
1-pados11 1-pados12