პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება დამოუკიდებელ მაუწყებლად გარდაიქმნას

1-media-politiii3თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბებასა და განვითარებას ითხოვენ. შესაბამისი წინადადებით ისინი ახალი მოწვევის პარლამენტს მიმართავენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელოს არაგეგმური აუდიტი და გამოვლენილი შედეგები წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. აღნიშნული ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა ცხადყო უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა: ა) საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგროვილი საგადასახადო ვალების ჩამოწერამ და ბ) ტელეკომპანია „პიკ“-ის მმართველ კომპანია „ალანიასთან“ წარმოქმნილმა კონფლიქტმა. მეორე მხრივ, სახელმწიფო აუდიტის შემოწმების დაწყებამდე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჯაროოს ფინანსური ხარჯები და ტელეკომპანია „პიკ“-ის მმართველ კომპანიასთან –„ალანიასთან“ – გაფორმებული ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები“, – აცხადებენ კოალიციის წევრები.

ამას გარდა, კოალიციის წევრები სხვა წინადადებებსაც აყენებენ: „MUST CARRY“-სა და „MUST OFFER“-ის რეგულირება მაუწყებლობის შესახებ კანონით; სასამართლოში ფოტო- და ვიდეოგადაღების ჩაწერის უფლების აღდგენა; აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფისა და აუდიტორიის ინტერესების დაცვის კონტექსტში.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ უნდა შეიცვალოს საჯარო პირებისა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები და გადასახედია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და ფუნქციები.