ოჯახის წევრების განცხადებით, ზურაბ გელაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ის 26 მაისს, ყინწვისის მონასტერში მოსალოცად ყოფნის დროს, ოცდაოთხ უცნობ პირთან ერთად დააპატიმრეს. „ყინწვისის მონასტერში მოსალოცად წასულ ხალხს ბრალად წაუყენეს სახელმწიფო ღალატი – შეთქმულება. ესენი არიან სამხედრო ვეტერანები, რომლებმაც წლების განმავლობაში არაერთხელ შეუშვირეს მკერდი ტყვიას ქვეყნის კეთილდღეობისათვის, დღეს კი ეს ხალხი პრეზიდენტ სააკაშვილს სახელმწიფო მოღალატეებად გამოჰყავს“, – განაცხადა რატი კვანტრიშვილმა. მისი თქმით, ახლობლები პრეზიდენტისგან მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და ამ საქმეში დამნაშავე პირების დასჯას, კერძოდ, ვინც აწამა და ამ გზით მიიღო ამ ადამიანებისგან აღიარებითი ჩვენებები – პროკურორი ჭანკვეტაძე, გამომძიებელი ხიზანაიძე და მოსამართლე არევაძე“.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, უკანონოდ დაპატიმრებულნი 10-დღიან ვადაში გაათავისუფლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციები გაგრძელდება პრეზიდენტის სასახლესთან, სადაც ჩაეთვება უამრავი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციაც.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ 30-მდე კაცი ყინწვისის მონასტერთან დააკავეს. მათ ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით წაუყენეს.