საზოგადოება
ელექტროენერგიის გადასახადი სერიოზულად შემცირდება

1-xaduri-sazoo3თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ელექტროენერგიისა და დასუფთავების ერთიანი ქვითრის ასაკრძალავად პარლამენტი შესაბამის კანონს მიიღებს. განცხადება ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა „მეცხრე არხის“ ეთერში გააკეთა.

ნოდარ ხადურის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფზე საკმაოდ სერიოზული კლება იქნება. მისივე განმარტებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვს იმის ბერკეტები, რომ ტარიფი შემცირდეს, რადგან მას მარეგულირებელი კომისია აწესებს. თუმცა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი კომისიისგან ახალი ტარიფების დაანგარიშების წარმოდგენით ერთ-ერთ პირველსავე სხდომაზე დაინტერესდება.

„ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, მარეგულირებელ კომისიასთან ერთად, ექსპერტების მონაწილეობით, ვნახავთ, რა კომპონენტებისგან შედგება ტარიფი როგორც ელექტროენერგიაზე, ისე ბუნებრივ აირზე და გავარკვევთ, თითოეული კომპონენტის უკან ვინ ან რა დგას, რისთვის არის ეს თანხები გათვლილი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საკმაოდ დიდი რეზერვია, თუმცა, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან ამას გაანგარიშება სჭირდება. იქნება საკმაოდ სერიოზული კლება და, ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ქალაქ თბილისის საკრებულო და მერია არ შეცვლიან იმ აბსოლუტურად უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის ტარიფზე მიბმას, საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც აკრძალავს აღნიშნულ მიბმას და ეს კანონი ამოქმედდება ძალიან სწრაფად“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.