აქტუალური
მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

1-magharoelebii-aqtuu3თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ჭიათურაში დაძაბულობა უკვე მეხუთე დღეა, გრძელდება. დილიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობის წინ კვლავ შეიკრიბნენ მაღაროელები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ისინი ხელფასების 100%-იან ზრდას  და მძიმე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად გუშინ ჭიათურაში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ჩავიდა, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე. ერთადერთი მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იმსჯელებს მაღაროელთა პრობლემებზე და გამოიკვლევს მათ საჭიროებებს. ამ კომისიაში წარმოდგენილი იქნება „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციაც, რომელმაც აქციის მონაწილეებს ხელფასების 25%-ით ზრდა შესთავაზა, მაგრამ გაფიცულებმა ამაზე ცივი უარი განაცხადეს, რადგან, მათ თქმით, ეს ხელფასი „პურის ფულადაც“ არ ეყოფათ.

მაღაროელები პროტესტს გააგრძელებენ, თუმცა შიმშილობის გარეშე, რის შესახებაც მათ უწინ გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული, თუმცა, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.