თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმმა მკითხველის – მოქალაქე მაია კუპატაძის – წერილი მიიღო, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოგახსენებთ, რომ ვარ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი. გახლავართ სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, მყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, ვცხოვრობ ქირით. ვარ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი და მონიჭებული მაქვს საბავშვო ბაღის აღმზრდელის კვალიფიკაცია. 2000 წლიდან ვმუშაობ თბილისის №150 საბავშვო ბაგა-ბაღში.
2007 წლიდან ვმუშაობდი აღმზრდელის თანამდებობაზე, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარში ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშე ბაგა-ბაღის დირექტორმა მზია მეტრეველმა დამაქვეითა და დამნიშნა აღმზრდელის თანაშემწედ. მანამდე მან დამიბარა და მითხრა, რომ ჩემი მუშაობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ვინაიდან არ ვარ ჩაწერილი თბილისში და, თუ სასწრაფოდ არ დავრეგისტრირდებოდი, გამათავისუფლებდა სამსახურიდან.აღნიშნულის შესახებ განცხადებით მივმართე და ვაცნობე საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროს ილია ათანასოვს, რომელმაც მიმიღო, გულისყურით მომისმინა და თქვა: „ეს მერამდენედ უნდა ხდებოდეს ამ საბავშვო ბაღში?!.“ შემდეგ გამოიძახა ქალბატონი მზია მეტრეველი.
მზია მეტრეველის ილია ათანასოვთან ყოფნისას მათ საუბარს ესწრებოდა მერაბ მიქელაძე – მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საბავშვო ბაღების კურატორი (№150 ბაგა-ბაღის პედაგოგ მაყვალა კილასონიას ქვისლი). მათი საუბრის შემდეგ ილია ათანასოვმა მითხრა: „12 წელი მუშაობთ ამ ბაგა-ბაღში და როგორ არ ხართ ჩაწერილი თბილისში. 6 თვეში უნდა ჩაწერილიყავით. ხვალ ჩვეულებრივად მიხვალთ სამსახურში და გააგრძელებთ მუშაობას“...
მეორე დღეს გამოვცხადდი სამსახურში. მზია მეტრეველმა განმიცხადა, რომ მე აღარ ვარ აღმზრდელის თანამდებობაზე და გადაყვანილი ვარ აღმზრდელის თანაშემწედ სხვა ჯუფში. როდესაც მას ვკითხე, რა მიზეზით დამაქვეითა, განმიცხადა: „მე ესე მსურდა და იმიტომაც დაგაქვეითე“.
ეს პასუხი ნიშნავდა იმას, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და მას არ სურდა, სამსახურში ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომელი ჰყოლოდა. ჩემი უკანონო დაქვეითების თაობაზე იმ დროს არავისთვის მიმიმართავს და არც სასამართლოში გამისაჩივრებია, რადაგანაც მზია მეტრეველი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, სასტიკ მუქარებს და ზეწოლას ახორციელებდა, ამცირებდა ბაგა-ბაღის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც იყო კოალიცია „ქარული ოცნების“ მხარდამჭერი, მათ შორის, მეც.
მზია მეტრეველი ხშირად მომმართავდა დამამცირებლად, მუშტების ქნევით და მუქარით მიყვიროდა: „რა გინდა თბილისში, წადი შენს საჩხერე-ჭიათურაში და იქ მოსთხოვე ბიძინა ივანიშვილს სამსახური!“
ბაგა-ბაღის მთელ კოლექტივს თავისი მუქარებით და სამსახურიდან გათავისუფლების დაშინებით იძულებულს გვხდიდა, შეგვეძინა სამუშაო მასალები, სადღესასწაულო ზეიმს გვატარებინებდა წელიწადში 6-7-ჯერ, მაშინ, როდესაც ზეიმი ყველა საბავშვო ბაღში ტარდება წელიწადში სამჯერ.
ეს ზეიმები, ძირითადად, იყო პოლიტიკური ხასიათის (ეს ყოველივე აღბეჭდილია DVD დისკებზე). ზეიმების დამთავრების შემდეგ აუცილებლად იმართებოდა ქეიფი, და ეს ყველაფერი კეთდებოდა თანამშრომლების სახსრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ვინმეს არ ჰქონდა მატერიალური საშუალება, მზია მეტრეველის მხრიდან ილანძღებოდა უკანასკნელი სიტყვებით. ანალოგიურად ტარდებოდა გრანდიოზული „შემოდგომის ზეიმი“ და თითოეულ ჯგუფს საქართველოს სხვადასხვა კუთხე ჰქონდა წარმოდგენილი, რომელთა წარმოდგენაც პედაგოგებისთვის, რომლებსაც ისედაც დაბალი ანაზღაურება აქვთ, ჯდებოდა ძალიან ძვირი (ეს ყოველივე, ასევე, აღბეჭდილია DVD დისკებზე). ამ ყველაფერს მზია მეტრეველი აკეთებდა იმის გამო, რომ თავი წარმოეჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ პირებთან, რაც კარგად გამოსდიოდა დაშინებული და დათრგუნული თანამშრომლების ხარჯზე.
ყოველ წელს მის დაბადების დღეზე იკრიბებოდა თანხა, რომელიც უნდა ყოფილიყო არანაკლები 30 ლარისა. მე მხოლოდ ერთხელ მქონდა საშუალება, დამედო თანხა, რის გამოც მას აღარ მოვწონდი როგორც თანამშრომელი და პროფესიონალი, რაც, გარკვეულწილად, გამოიხატებოდა მისი ჩემდამი დამოკიდებულებაში. უფრო მეტიც, როდესაც ქალბატონ მზიას დასჭირდა სტომატოლოგის მომსახურება, მისმა ერთ-ერთმა დაახლოებულმა პირმა ოფიციალურად დაგვავალა, რომ აგვეგროვებინა გარკვეული თანხა მზია მეტრეველის სტომატოლოგიური ხარჯებისთვის.
2008 წელს ბაგა-ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც ქალბატონმა მზია მეტრეველმა მოახერხა და შეიძინა ავტომანქანა, გაარემონტა თავისი საცხოვრებელი ბინა და აგარაკი ახმეტაში. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მზია მეტრეველმა სახელმწიფოს მიერ რემონტისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი გამოიყენა საკუთარი საჭიროებისთვის, რადგანაც საბავშვო ბაღში ჩატარებული რემონტი არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს.
მზია მეტრეველი არამარტო დევნიდა ოპოზიციურად განწყობილ პედაგოგებს, არამედ მის მიერ არაერთი პედაგოგი, კერძოდ, ეკა ამირანაშვილი, ვიკა ღვაბერიძე და სხვები, იქნენ გათავისუფლებული სამსახურიდან.
წინასაარჩევნო პერიოდში მზია მეტრეველს ხშირად მოჰყავდა სამსახურში სხვადასხვა უბნების კოორდინატორები. ამ კოორდინატორებს შორის იყვნენ №150 ბაგა-ბაღის თანამშრომლებიც, უმეტესი მათგანი აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობდა მხოლოდ იმიტომ, რომ იყვნენ დაშინებული ქალბატონი მზიასგან. მზია მეტრეველი კოორდინატორებთან ერთადაც თავის კაბინეტში საათობით თათბირობდა, შემდეგ თანამშრომლები მუქარით და დაშინებით მიჰყავდა ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებზე.
როდესაც ტელევიზიით გაჟღერდა ციხეებში არსებული სასტიკი ჯალათური მდგომარეობა, მზია მეტრეველი მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სხვა კოორდინატორებთან ერთად დაბარაბული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში, სადაც მიიღეს მითითება, რომ უნდა განეხორციელებინათ ხელახალი გადამოწმება, თითოეულ ოჯახში რამდენი პირი უჭერდა მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“. არჩევნების წინა დღეებში მზია მეტრეველმა კატეგორიულად გაგვაფრთხილა ყველა თანამშრომელი, რომ, როდესაც მივიდოდით არჩევნებზე ხმის მისაცემად, შემოგვეხაზა „ხუთიანი“, წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავდით სამსახურს. პირადად მე კი დამემუქრა: „შენი სიჯიუტე ბოლომდე გაიტანე, მაინც ვერ გაგაკეთებინე თბილისში ჩაწერა. ახლა კი ნახე, როდესაც გაიმარჯვებს „ნაცმოძრაობა“, რა მოგივა“, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ არ მეშინია მისი და არჩევნებზე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას.
დაბოლოს, მზია მეტრეველი, ქალი, რომელიც გამოირჩევა არანაკლები სისასტიკით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – ბაჩანა ახალაიას, მსგავსად, დღესაც, როდესაც საქართველოში იზეიმა სამართლიანობამ და არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ აგრძელებს მუქარებს და გვძაბავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულს დაადასტურებენ თბილისის 150-ე ბაგა-ბაღის ყოფილი პედაგოგები: ირა გაჩეჩილაძე, ლია კასრაძე, მარინა პირველი, ლია სიმონიშვილი, ეკა ამირანაშვილი, ვიკა ღვაბერიძე, რომლებმაც თავის თავზე გამოსცადეს ამ დესპოტის ზეწოლა, დამცირება, მუქარა და დაშინება.
აშკარაა, რომ ჩემ მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რაც ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიზებულ ხელმძღვანელებს არ გამოუვათ.
პატივისცემით,
მაია კუპატაძე“