სამართალი
ირმა ინაშვილი: „მერაბიშვილი ჩვეულებრივი დამნაშავეა ამ სქემაში“

1-inaS-aqtuuu3თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით  საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ირმა ინაშვილმა ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებულ საზოგადოებაში დაგროვილ მრავალ კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, პატიმართა წამების ფაქტების გამოსვლენად ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ვლადიმერ ბედუკაძე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა ის მთელი ამ საქმის ერთ ფრაგმენტს შეადგენდა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, კადრების არსებობის საიდუმლოდ შენახვა გამოწვეული იყო სურვილით, პატიმართა წამების ამსახველი ფირი ევროპას ენახა.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად დაგვეცვა საიდუმლოება, სანამ ეს არ მიაღწევდა ევროსტრუქტურებს. წარმოიდგინეთ ეს კადრები, რომლებიც მე ხელთ მქონდა, რომ მიმეტანა ყოველგვარი ექსპერტიზისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის გარეშე რომელიმე ტელევიზიაში, რა მოჰყვებოდა?! მოჰყვებოდა ის, რომ ვერავინ ვერასდროს გაიგებდა, ვინ და რატომ მომკლა მე ან სხვა ადამიანები, რომლებთან ერთადაც ამ კადრების გადასაღებად, მოსაპოვებლად და გამოძიებისთვის ვიბრძოდი. მომნათლავდნენ შანტაჟისტად, პროვოკატორად და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი არსებობას, ადამიანთა წამებას კიდევ დიდხანს გააგრძელებდა“, – განაცხადა ინაშვილმა.

ბედუკაძის მიერ გავრცელებული სკანდალური განცხადებების შეფასების კომენტირებისას ინაშვილმა აღნიშნა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილ ბედუკაძეს დამსახურებას არ უკარგავს, მაგრამ ახლა ის საეჭვო ადამიანების გარემოცვაშია, რომლებიც მასზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. ეს ყველაფერი კი, მისი თქმით, მიზნად ისახავს ბელგიის სასამართლოდან უმნიშვნელოვანესი სარჩელის გამოტანას და ბედუკაძის, როგორც მოწმის, საქმიდან ჩახსნას.

როგორც პრესკონფერენციაზე „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ განაცხადა, ჟურნალისტური გამოძიება მოძრაობის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა დაგეგმა.

მან დაასახელა სასჯელაღსრულების დაწესებულებების ის თანმაშრომლები, რომელთა დახმარების გარეშეც კადრებს ვერ მოიპოვებდნენ.

„ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ პატიმრების მდგომარეობა რეალურად შეიცვალოს და დამნაშავეები დაისაჯონ – სააკაშვილით, ახალაიათი, მერაბიშვილით დაწყებული, და სხვებით გაგრძელებული. პირდაპირ ვამბობ – მერაბიშვილი! მერაბიშვილი ჩვეულებრივი დამნაშავეა ამ სქემაში, იმიტომ, რომ მისი მინისტრობის დროს ჰქონდა ამ სადიზმსა და ჯალათობას ადგილი ციხეებში“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.