აქტუალური
ახალარჩეული პარლამენტის სხდომას პრეზიდენტი გახსნის

1-parlam-aqtuaaa2თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც უკვე ცნობილია, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაიმართება. კონსტიტუციითა და რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცესკო არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს. აღნიშნული უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დეპუტატები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ, რომლის ტექსტსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წაიკითხავს. პარლამენტის წევრთა მიერ ფიცის ხელმოწერის შემდეგ შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გახსნას და სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადასცეს, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს. ეს მისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულ დეპუტატობის კანდიდატს, 85 წლის ცნობილ მოქანდაკე გოგი ოჩიაურს დაეკისრება.

პირველ სხდომაზე შესაძლოა, მიიწვიონ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ქვეყნის რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.