პოლიტიკა
ივანიშვილის ბიზნესცენტრში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასა და ჯეიმს აპატურაის შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ნატოს ურთიერთობები და ის რეფორმები იყო, რომელთა განხორციელებაც თავდაცვის უწყებაში სამომავლოდ იგეგმება. შეხვედრის დასასრულ კომენტარში ალასანიამ აღნიშნა, რომ მაღალი შეფასებები აქვს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც ავღანეთში გმირულად იბრძვიან და, ზოგადად, ჩვენი ურთიერთობების მომავალს.
როგორც ალასანიამ განაცხადა, მომავალი წელი იქნება ნატოსთან დასაახლოებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რასაც ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემამ დიდწილად შეუწყო ხელი. „კონკრეტულად იყო პერსპექტივებზე საუბარი, დაახლოების, თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავების ბევრი მექანიზმი ბოლომდე არ არის ათვისებული და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიცხადე შევა ჩვენი ნატოსთან ორმხრივი ურთიერთობის მომავლის საკითხში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ „ISAF“-ის ოპერაციასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიდგომა და პოლიტიკა ნათლად დადასტურდა. „ვიდრე არ დასრულდება ჩვენი მისია ავღანეთში, ჩვენ შევინარჩუნებთ იქ ჩვენს სამხედრო შენაერთებს“, – განაცხადა მან.