პოლიტიკა
აპატურაი: „საქართველო, ალბათ, 2014 წლის შემდეგაც შეიტანს წვლილს ავღანეთის მისიაში“

1-apatu-poliiii3თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქართველოს, ალბათ, ექნება სურვილი, რომ 2014 წლის შემდეგაც შეიტანოს თავისი წვლილი ავღანეთის მისიაში და ეს წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი გახდება“, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და მისი წვლილი მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების მისიაში.

აპატურაის თქმით, 2014 წელს, „ISAF“-ის მისიის დასრულების შემდგომ, ყურადღება გამახვილდება ავღანეთის სამშვიდობო ძალების მომზადებაზე, კონსულტაციებსა და ტრენინგებზე და ამ პროცესში შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს.

„ჩვენ არც კი გვინდა რაიმეს დაგეგმვა ისე, რომ საქართველო არ იყოს ჩართული ამ პროცესში“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის, მინდია აბაშიძის, ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ, 2014 წლიდან, ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანა დაიწყება.