თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, ტელეკომპანია „იმედი“ მის მფლობელს – ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს – დაუბრუნდა.
გუშინდელი დღიდანვე არხის ახალმა მენეჯმენტმა გადაცემების ფორმატში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, კერძოდ – შეწყდა საინფორმაციო მაუწყებლობა და გადაბარების პროცესის დასრულებამდე საინფორმაციო გამოშვებები ეთერში აღარ გავა.
ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის – ინა გუდავაძის, დების – მზია თოთლაძისა და ნანა პატარკაციშვილის, განცხადებით, „იმედში“ ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის უპირველესი ამოცანა ტელეკომპანიისათვის ობიექტურის სახელის დაბრუნება იქნება.ბადრი პატარკაციშვილის მეგობრის, ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ახლა, როცა ტელეკომპანია ოჯახს დაუბრუნდა, უნდა შესრულდეს ის, რასაც ბადრი სიცოცხლეში ამბობდა და რაც მის ანდერძშიც ეწერა, რომ „იმედი“ ეკუთვნოდა ხალხს და რომ „იმედი“ არ იყიდებოდა.
„იმედის“ დაბრუნებას არხის პოლიტიკის შეცვლის გამო ტელეკომპანიიდან წასული ჟურნალისტებიც გამოეხმაურნენ. რაც შეეხება ამჟამინდელ შემოქმედებით ჯგუფს, როგორც ნანა პატარკაციშვილმა აღნიშნა, „ჩვენ რევანშისთვის ამ ტელევიზიაში არ მოვსულვართ, ჩვენ მოვედით ბალანსისა და ობიექტურობისთვის. თუკი ვინმე გრძნობს, რომ „იმედში“ არ უნდა დარჩეს, იქნებ, ჯობდეს, თვითონვე წავიდეს“.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წამომადგენელთა განმარტებით, „იმედი“ ოჯახს მოულოდნელად მოკლე დროში დაუბრუნდა და ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. თუმცა უკვე ნათელია, რომ ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება.