აქტუალური
ავღანეთიდან ქართულ კონტინგენტს 2014 წლიდან გამოიყვანენ

1-avganeTi-aqtuu3თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანა ქვეყანაში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ, 2014 წელს დაიწყება. ალასანიას განმარტებით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა „სახელმწიფოს ვალდებულებაა, ეს არის ტვირთი, რომელიც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აიღო“.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამძიმარი გამოუცხადა ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული კაპრალის, მინდია აბაშიძის, ოჯახს და აღნიშნა, რომ მისიის გაგრძელებაზე საუბარი მაშინ, როცა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ძალიან მძიმეა, თუმცა, ასეთი ტრაგედიისგან დაზღვეული არავინაა და აღებული ვალდებულებების ფარგლებში ქვეყანამ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა უნდა გააგრძელოს.

„2014 წლისათვის იგეგმება საერთაშორისო ძალების გამოსვლა ავღანეთიდან და სწორედ ამის შემდეგ დავიწყებთ ზრუნვას ჩვენი ბიჭების სამშობლოში დაბრუნებაზე“, – აღნიშნა მან.

ამავე დროს, ალასანიამ განაცხადა, რომ მისი, როგორც მომავალი თავდაცვის მინისტრის, მთავარი საზრუნავი ქართველ მეომრებზე, განსაკუთრებით კი, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებზე ზრუნვა და მათი ყველა საჭირო რესურსით მომარაგებაა.