აქტუალური
საპარლამენტო უმრავლესობა პირველი სხდომისთვის ემზადება

1-kobaxize-aqtuu2თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერები“ ამ დროისათვის მთავარ ოფისში იკრიბებიან და მათი მსჯელობის უმთავრესი საგანი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა, რომელიც 21 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დეპუტატები იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც დღის წესრიგში დადგება. მათი თქმით, ახალი მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში კვირას, 21 ოქტომბერს შეიკრიბება. მთავარი განსახილველი საკითხი კი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და კომიტეტებისა და ფრაქციების შემადგენლობის განსაზღვრა იქნება.

კოალიციის წევრების განცხადებით, ამ დროისათვის ქუთაისის პარლამენტში იმყოფებიან მათი წარმომადგენლები საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. მათი განცხადებით, ახალი მთავრობა პირველი სხდომის ჩასატარებლად მზადაა. მათივე თქმით, მეორე სხდომა ორშაბათს გაიმართება და ახალ მთავრობასაც ნდობას ამ დღეს გამოუცხადებენ.

„ჩვენი შემადგენლობა აბსოლუტურად მზადაა იმისათვის, რომ სრული პასუხისმგებლობა აიღოს პარლამენტის მომავალ მუშაობაზე. ახლა წყდება ორგანიზაციული და  გარკვეული ტექნიკური საკითხები. ყველაფერი მოგვარდება კვირამდე  და კვირისთვის მზად ვიქნებით, რომ პირველი სხდომა გაიმართოს, სადაც გადასაჭრელი იქნება მთელი რიგი ორგანიზაციული საკითხები“, – განმარტა პარლამენტის ვიცესპიკერობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ.