„ბატონო პრეზიდენტო,
თქვენო ბრწყინვალებავ,
ძვირფასო მეგობრებო,
აქ იმისათვის მოვედი, რომ ყველას მადლობა გადაგიხადოთ – ევროპის სახალხო პარტიის ოჯახს – ოჯახს, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, რომელთა წყალობითაც ევროკავშირი აშენდა. ეს არის თავისუფლების, პასუხისმგებლობის, დემოკრატიის და ტოლერანტობის, საბაზრო ეკონომიკისა და მერიტოკრატიის ღირებულებები; ღირებულებებს, რომლებისაც მე ასე ძლიერ მწამს და რომლებიც ჩემს მთავრობას ბოლო 9 წლის მანძილზე შთააგონებდა.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის მიმართ გამოიჩინეთ. განსაკუთრებით თქვენ, პრეზიდენტო მარტენს.
მადლობას გიხდით თქვენი პირადი ლიდერობისთვის, უწყვეტი დახმარებისა და ფასდაუდებელი მეგობრობისთვის.
თქვენ გარდა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ამ წლების განმავლობაში და დაგვეხმარა ჩვენ მიერ არჩეულ რთულ გზაზე; იმისთვის, რომ კავკასიაში დემოკრატიას რჩევებს აძლევდით.
განსაკუთრებით, ლუკა ვოლანტე, არნაუ, ელენა ბესესკუ, კრისტოფ ლისეკი და ყველა სხვა წარმომადგენელს ევროპის პარლამენტიდან, ვინც საქართველოში ჩამოვიდა ჩვენი ბოლო არჩევნების მონიტორინგის მიზნით.
ასევე, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს, რომლის პარტიამ ჩვენი პოლიტიკური არსებობის დასაწყისიდანვე შთაგვაგონა, რომელიც არჩევნებამდე ორი დღით ადრე საქართველოში ჩამოვიდა და სიტყვით მიმართა ქართველ ხალხს. მან გვითხრა, რომ უნგრელმა ხალხმა ერთხელ დაუშვა ასეთი შეცდომა და უკან დაბრუნდა. მან ისიც გვთხოვა, რომ არ დაგვეშვა მსგავსი შეცდომა, მაგრამ, სამწუხაროდ, მის რჩევას ყურადღება არ მიაქციეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევდით, რომ ამ არჩევნების შედეგები ოდნავ განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მიზნად დემოკრატიის შენებას ისახავენ, მზად უნდა იყვნენ, ერთ დღეს წარმატებას მიაღწიონ, მეორე დღეს წარუმატებლობას შეეგუონ, შემდეგ კი ისევ წარმატება იზეიმონ.
ჩვენ ეს-ესაა მსგავსი რამ განვიცადეთ.
წარმატების მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია და ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების გზით და არა ძალადობით.
მე ყური მოვკარი, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ბედნიერია და ვლადიმერ პუტინი, რომლის ჯარისკაცებსაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, აქტიურად აქებდა ჩვენს არჩევნებს. მას უთქვამს, რომ ელოდებოდა ჩვენს არჩევნებს და ბედნიერი იყო ამ არჩევნების შედეგებით. მას შემიძლია ვუთხრა, რომ მისი ბედნიერება ნაადრევია, რადგან ის ფაქტორი, რომ მის საზღვრებთან მთავრობა შეიცვალა არჩევნებით, თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული პროცესით, არ არის კარგი ამბავი ისეთი პირისთვის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნება სურს. ამ მხრივ, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი დანერგა.
რამდენიმე დღეში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობებში, პარლამენტში ახალი უმრავლესობა შეიკრიბება და სხვა პოლიტიკური ძალა აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესობას გადაიბარებს: დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბევრი აქ მჯდომი დელეგატისთვის ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩვენს რეგიონსა და საქართველოში ასეთი შემთხვევა ჯერ არავის ახსოვს.
დემოკრატია პროცესია... ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატიის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სრული დემოკრატია, ვიდრე კიდევ ერთი არჩევნები არ გაიმართება და კიდევ ერთხელ არ შეიცვლება ხელისუფლება ასეთივე გზით.
ჩვენ ბევრი ადამიანი გვინახავს რომელიც თავისუფალი არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ წასვლა დაავიწყდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ გვჭირდებით თქვენ, რათა ყოველივე ეს მყარად შევინარჩუნოთ – ჩვენ გვჭირდება თქვენი ურყევი მახდაჭერა და მონიტორინგი.
მე მახსოვს, რამდენად ნეგატიური შემოტევა იყო და რამდენი ენერგია დახარჯეთ თქვენ, როგორი სამაგალითო იყავით, როდესაც იცავდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული რეფორმების პროცესსა და ქართველი ერის ევროპული დემოკრატიების ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმართულ სწრაფვას.
მინდა, რომ ასეთივე მტკიცე პოზიცია შეინარჩუნოთ; მინდა, რომ დარჩეთ ჩვენს მხარეს და მინდა, დაგვეხმაროთ ნატოსთან ინტეგრაციის საკითხში.
რამდენიმე წლის წინათ, აზრთა სხვადასხვაობის გამო, მაპ-ი ვერ მივიღეთ. ის ჩვენ ახლა გვჭირდება. ქვეყანას უკვე ახალი მთავრობა ჰყავს, რომელსაც ჩვენ ყველაფერში დახმარება აღვუთქვით, რათა ქართული დემოკრატია გავაგრძელოთ.
ახლა ჩვენი სლოგანია „მეტი ევროპა“ და ეს საოცარი სლოგანია!
მინდა. ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თქვენი იმედი აქვს.
ქართულ დემოკრატიას და მომავალს თქვენი იმედი აქვს.
ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ, რამდენადაც აქამდე ვიყავით, ბევრად უფრო მონდომებული და ენთუზიაზმით აღსავსე, ვიდრე ოდესმე.
ჩვენ ქართველი ევროპელები ვართ, ჩვენ ენთუზიაზმით აღსავსე ევროპელები ვართ და ჩვენ ამის ღრმად გვწამს.
ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება ქართული დემოკრატიის გაგრძელებაში.
ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის მუშაობა შეაფასა. მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი სესია იყო საქართველოსთვისაც. მისი თქმით, ევროპის უმეტესი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეაფასეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ევროპა ამ პროცესის გაგრძელებას ელოდება, რასაც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის განმტკიცების თაობაზე გაამახვილა და ახალ მთავრობას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ ეტაპზე გადადის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება. დეკემბერში ნატოს მინისტერიალი გაიმართება. თუ ჩვენ ახალ მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ, ამ არჩევნებზე დაყრდნობით, გვაქვს შანსი, რომ ნატოში გაწევრების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები იქნებოდა მთავარი ტესტი, ახლა კი, კოორდინირებული მუშაობის პირობებში – ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესში ყველა დონეზე ჩავერთოთ და ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ზოგადად, მთავრობასთან ერთად, შესაძლებლობების ეს ფანჯარა გამოვიყენოთ. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილებაც გვაქვს და ძალიან დიდი ნდობაც. თუ ახლა სწორად ვიმოქმედებთ და ყურადღებას კონსტრუქციულ ნაწილზე გავამახვილებთ, მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც გარდაუვალია, შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ნატო-სა და ევროკავშირში ინტგრაციის თვალსაზრისით, პროგრესისთვის გამოვიყენოთ. ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ, მთავარი შანსი, რომელიც ახლა გვეძლევა არის ის, რომ უკვე მომავალ წელს მივიღოთ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და გავაფორმოთ ასოცირების ხელშეკრულება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ამ პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თანასწორობის პრინიპი, რომლის დამკვიდრებასაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა, ევროპის მთავარი ფასეულობაცაა. შესაბამისად, საერთო ფასეულობების მქონე გაერთიანება, მისი თქმით, არასდროს მიუკეტავს კარს საქართველოს და არ დატოვებს ბედის ანაბარა. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს უალტერნატივოდ მიაჩნია ევროპის ბაზრის ათვისება და ამ მხრივ, მისი განცხადებით, მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაკარგვა, რასაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ვაშენებდით, დავიმსახურეთ ევროპული ინსტიტუტების ნდობა და გავზარდეთ ძალიან კარგი დიპლომატები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. საქართველოს რეფორმირების პროცესმა მოგვიტანა დღევანდელი შედეგი და ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს იმას, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს შეეძლოს ევროპაში ქართული პასპორტით დაუბრკოლებლად, უვიზოდ შესვლა, ყველა ჩვენი პროდუქტის უპრობლემოდ, ბაჟის გარეშე გატანა და თავი ვიგრძნოთ, ევროპის თითქმის სრულფასოვან ნაწილად, ამ სტრუქტურების მონაწილეებად. მართლია, ჯერ ევროკავშირის წევრი არ ვიქნებით, მაგრამ შემდეგი თვეების განმავლობაში საქართველოს დიდი „ლუპით“ დააკვირდებიან. ყველას მოვუწოდებ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ახალ მთავრობასთან, რადგან, ამ შემთხვევაში, მთავრობის პოზიცია საქართველოს პოზიციაა. ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ახალ მთავრობასათან იყოს დიალოგი, რათა თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, პროგრესი გაგრძელდეს. საბოლოოდ, ეს საქართველოს პროგრესია, რადგან ყველანი ქართველები ვართ და სხვაგვარად არ შეიძლება. მე, როგორც პრეზიდენტი, ვიმოქმედებ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. საპარლამენტო ოპოზიციამაც უნდა იმოქმედოს არა როგორც ქვეყნის ოპოზიციამ, არამედ როგორც ქმედითმა პოლიტიკურმა ძალამ და ხელი შეუწყოს ქვეყნის წინსვლას. ახალი მთავრობა ამბობს, რომ მას სურს გზა ნატოს მიმართულებით განაგრძონ. ეს თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმაც და ვისურვებდი, რომ ეს დიალოგი პრემიერმინისტრობის კანდიდატთანაც გაგრძელდეს. მესმის, რომ სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი აზრი აქვს. ქართველ ერს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და და თუ კარგად ვიმუშავებთ, შესაძლოა, ნატო-ს მინისტერიალზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, მართლაც გადაგვიყვანონ შემდეგ საფეხურზე. ეს კი ის მომენტია, რომელიც შეიძლება შეუქცევადად გახდეს უახლოეს წლებში ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობა. თუმცა ამისათვის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო და, ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ. მე მზად ვარ ამ მიმართულებით ვიმუშავო. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ, დღეს ამის მზაობა არის და ძალიან ცუდი იქნება, თუკი ამ შანსს დავკარგავთ“, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.