თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. გვიან ღამით თბილისს ესტუმრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებით საქართველო მაგალითი გახდა მთელი რეგიონისათვის.
აპატურაი საქართველოს მოქმედ და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. საუბარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დეტალებს შეეხება.„საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ამ ქვეყნის დიდი ხნის მეგობარი ვარ. მაგრამ განსაკუთრებით მიხარია, ახლა რომ ვიმყოფები აქ. ეს თქვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, ძალაუფლების ნამდვილი დემოკრატიული გადაცემა ხდება. საქართველომ მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი უჩვენა. ველოდები ხვალინდელ შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე, მომავალ მთავრობასთან და ბატონ ივანიშვილთან. მინდა, მოვისმინო ორივე გუნდის გეგმები“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ და დასძინა, რომ მისი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას, ერთგული დარჩება ბუქარესტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მისი თქმით, ამერიკა კვლავ განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართაც.
როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ამჟამად მოვლენებს ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს. საერთაშორისო საზოგადოების თვალში ქვეყანამ ჩატარებული არჩევნებით დემოკრატიის გამოცდა ჩააბარა. ხალხის მიერ მთავრობის შეცვლა საარჩევნო ყუთებთან გამოხატული არჩევანით და არა ქუჩის აქციებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ ქვეყნისთვის და მაგალითია რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ.