პოლიტიკა
ვ.ვ. პუტინისა და ბ.გ. ივანიშვილის სატელეფონო საუბარი

1-analit-top-redვლადიმერ პუტინი: გამარჯობა, ბიძინა გრიგოლის ძევ! გილოცავთ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

ბიძინა ივანიშვილი: სალამი, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! დიდი მადლობა მოლოცვისთვის. იმედი მაქვს, პოლიტიკურ ასპარეზზეც, როგორც ადრე ჩემი ბიზნესმოღვაწეობით, საქართველოს სიკეთეს მოვუტან, მათ შორის – რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას აღვადგენ, თუ თქვენ, რა თქმა უნდა, ხელს შემიწყობთ.

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მინდა, ვიზიტით ჩამოვიდე რუსეთში – ყველა იმ რთულ პრობლემაზე მოსალაპარაკებლად, რომლებიც გვაწუხებს. მაგრამ პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ აშშ-ს აღვუთქვი. თუმცა მათ მოწვევა არჩევნებში ჩვენი გამარჯვებისთანავე გამომიგზავნეს, მე ვიზიტი ნოემბრის ბოლოსთვის ან დეკემბრის დასაწყისისთვის გადავდე, ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ.

ვ.პ. მესმის, ამერიკამ ბევრი გააკეთა თქვენი გამარჯვებისთვის და ეტიკეტი ამას მოითხოვს. მითუმეტეს, რომ ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს – აშშ-მდე ჩამოხვალთ ჩვენთან თუ აშშ-ის შემდეგ.

აი, მაგალითად, რუსეთმა ბევრი გაუკეთა სააკაშვილს – 2003 წლის ნოემბერში ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა, აჭარა არ დაკარგა, ამიტომ „მადლიერი“ მიხეილ ნიკოლოზის ძის პირველი ვიზიტი მოსკოვში იყო, და არა ვაშინგტონში. და მერე რა?! კარგად დავიწყეთ და რით დავამთავრეთ, თვითონაც იცით...

ასე რომ, ჩამობრძანდით, ხოლო დროს რაც შეეხება – დიმიტრი ანატოლის ძეს (რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, - საქინფორმი) დაველაპარაკებით, ჩვენს სამუშაო გრაფიკს გადავხედავთ და დავაზუსტებთ.

ბ.ი. დიახ, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რა ძნელი, მე ვიტყოდი, შეუძლებელიც კი იყო სააკაშვილთან ლაპარაკი, მისი გადარწმუნება, განსაკუთრებით, ბოლო წლებში... მაგრამ მე, როგორც იცით, პოლიტიკოსი კი არა, ბიზნესმენი ვარ, ამიტომ მოლაპარაკება ჩემი პროფილია (იცინის)!

ვ.პ. მომახსენეს, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებთ და ვაფასებ თქვენს პრაგმატულ, ბიზნესმენისთვის დამახასიათებელ საქმიან მიდგომას. დიახ, სააკაშვილთან ლაპარაკიც კი არ გვსურდა იმ ყველაფრის მერე, რაც მან ჩაიდინა, მაგრამ თქვენთან, ვიმედოვნებ, შევძლებთ ჩვენს კომპეტენციაში მყოფი საკითხების გადაწყვეტას.

მაგალითად, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მინერალური წყლებისა და ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ.

ბ.ი. გმადლობთ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! არ დავმალავ, რომ რუსეთის ბაზარი ქართული ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ რუსეთის ფედერაციასთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმის და შუამავლის – შვეიცარიის მეშვეობით დიპლომატიური ურთიერთობის პირობებში სრულფასოვანი ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის აწყობა, ვფიქრობ, ძნელი იქნება...

თანაც, რამდენი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, მათ შორის – დევნილები, რამდენ სიძნელეს უქმნის ეს მათ ოჯახებსა და ახლობლებს?!

ვ.პ. ღრმად პატივცემულო ბიძინა გრიგოლის ძევ! ეს ყველაფერი ჩვენ არ დაგვიწყია და დიპლომატიური ურთიერთობაც ჩვენ არ გაგვიწყვეტია! რუსეთი არასოდეს, ხაზს ვუსვამ – არასოდეს, არც საუკუნეების და არც ათწლეულების წინ – არ ემზადებოდა საქართველოში შეჭრისთვის, ეს ყველაფერი არაკეთილსინდისიერი და გაუნათლებელი ადამიანების ტყუილია! მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ ნიკოლოზის ძემ საბოლოოდ გვაქცია ზურგი და მისი გამოსვლები აგრესიული რიტორიკის მქონე შეურაცხმყოფელი ლექსიკით აჭრელდა, ჩვენ, დაახლოებით 2006 წლიდან, სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ამასთან, საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით რა, როგორ ასრულებს თავის სიტყვას და რაზეა წამსვლელი სააკაშვილი, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვიყავით.

თქვენც ხომ არაერთხელ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ თუ არა სააკაშვილის ავანტიურა, რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბიდან არ შემოვიდოდა, ეს, უბრალოდ, არაფერში დაგვჭირდებოდა.

თქვენ, ინტელექტუალმა და ფილანტროპმა, უთუოდ იცით, რომ რუსეთი, საქართველოს ზოგიერთი პარტნიორისაგან განსხვავებით, არასოდეს აწარმოებდა და არ აწარმოებს დაპყრობით ომებს სხვის ტერიტორიაზე, ხოლო თუ თავისი საზღვრები გადაულახავს კიდეც – მხოლოდ თავს იცავდა, ან იქ მცხოვრებ ხალხებს, სხვათაშორის, მათივე თხოვნით. ასე მოხდა ორ საუკუნეზე მეტის წინ, როდესაც ჩვენ ქართველი ხალხი განადგურებას გადავარჩინეთ, ასე იყო დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც ჩვენ ერთად ვიხსენით კაცობრიობა ფაშიზმისგან, ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც, როდესაც აგრესორისგან ვიცავდით ჩვენს მოქალაქეებს – მშვიდობისმყოფელებს და ოს ხალხს, რომელიც, როგორც იცით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც ცხოვრობს – როკის გვირაბის აქეთა მხარეს, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში.

ბ.ი. ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, საქართველოში ახალი მთავრობა და ახალი პარლამენტია, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ასე მოისურვა, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობა და მეგობრობა აირჩია, და არა ომი და დაპირისპირება! თავად ჩვენი საუბრის ფაქტი, ის, რომ ახლა თქვენ ახალი პრემიერი ივანიშვილი გელაპარაკებათ – ამისი საუკეთესო დადასტურებაა.

მაშ, რა გვიშლის ხელს დღეს, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა დავიწყოთ, ისინი ხომ როგორღაც უნდა გადაიჭრას?! ასობით ათასი დევნილი, აგერ მერამდენე წელია – ეს უკვე პრობლემა კი არა, ჩვენი ტკივილია, ახლა ისინიც იმედით შემოგვყურებენ, ელოდებიან, რომ მე და თქვენ მოვილაპარაკებთ...

ვ.პ. ბიძინა გრიგოლის ძევ, ჰკითხეთ შევარდნაძეს – ის მოგიყვებათ, როგორ დაბრუნდა აფხაზეთის ომის შემდეგ ათობით ათასი ქართველი დევნილი გალის რაიონში. გვინდოდა, სამხრეთ ოსეთშიც დაგხმარებოდით, ამის შესახებ უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემაც გვთხოვა თავისი ვიზიტის დროს, და სააკაშვილის მორიგი არაკორექტულობა რომ არა, ახლა იქ საზღვრის ხაზი ოდნავ სხვანაირად გაივლიდა და ზოგიერთ სოფელში დიდი ხნის წინ დაბრუნდებოდნენ ქართველი დევნილები...

რაც შეეხება ჩვენთან „მოლაპარაკებას“, ეს სიტყვა, როგორც ვატყობ, თქვენი გუნდის ყველა ლიდერს პირზე აკერია და ისინი გამუდმებით იმეორებენ თქვენს სიტყვებს – „რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, რუსეთთან უნდა მოვილაპარაკოთ“.

მინდა, გკითხოთ – რაზე? კი ბატონო, ვილაპარაკოთ და მოვილაპარაკოთ კიდეც, მაგრამ ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ადამიანებზე გვექნება ლაპარაკი, ცოცხალ ადამიანებზე, და არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ან ბიზნესზე!

პრობლემა არ არის, ბიძინა გრიგოლის ძევ, მოდი, მოვილაპარაკოთ: დიპლომატიური ურთიერთობა და ვიზები? – აღვადგენთ და გავაუქმებთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენც უნდა გააუქმოთ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამ კანონიდან გამომდინარე ხომ რუსეთი – ოკუპანტია, განა ოკუპანტთან აგვარებენ დიპლომატიურ, სავაჭრო, კულტურულ ურთიერთობას, განა აგრესორს ფართოდ უღებენ კარს თავისუფალი უვიზო მიმოსვლისთვის?!

არა, ოკუპანტსა და აგრესორს ებრძვიან, ხოლო თუ ჯერჯერობით არ შეუძლიათ – მაშინ ომისთვის ემზადებიან. თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით და, მითუმეტეს – ორიოდე წლის შემდეგ, როდესაც, თქვენივე განცხადების თანახმად, პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან წახვალთ, საქართველო ომის გზას არ დაადგება, მაშინ, დაე, თქვენმა მთავრობამ ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ხოლო ახალმა პარლამენტმა მისი რატიფიკაცია მოახდინოს!

მაგრამ თქვენი გუნდის იგივე ლიდერები, რომლებიც თქვენს კვალდაკვალ იმეორებენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაა საჭირო, ამავე დროს, აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მხოლოდ შესწორებაა შესაძლებელი, მაგრამ საერთოდ გაუქმება არ შეიძლება, იმიტომ, რომ რუსეთში ისინიც ოკუპანტს ხედავენ!

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა კი ამასწინათ ხაზი გაუსვა, რომ „იმ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის 20% დაიპყრო, ჯერჯერობით შეუძლებელია, და ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ“, და რომ „ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არასოდეს იქცევა საკითხად, რომელზეც საქართველოს მხრიდან კომპრომისზე წასვლაა შესაძლებელი“.

საინტერესოა, როგორც წარმოუდგენია საქართველოს №1 დიპლომატს მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესი, თუკი კომპრომისებს წინასწარვე გამორიცხავს?! და რატომ გეწინააღმდეგებათ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი თქვენ, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან დაწყებული, პირველსავე პრესკონფერენციაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან ლაპარაკი  მოელის და პუტინთან მოლაპარაკება მოუწევს?!

ბ.ი. ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მოსკოვში დაგიდასტურებენ – ისინი, ვინც ჩემთან მუშაობდა, რომ ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.

დიახ, გეთანხმებით, რომ დიპლომატია კომპრომისის ხელოვნებაა, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ხომ დამოუკიდებელ სუბიექტებად  მათი აღიარების, მათი დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი იქნებოდა! მაშასადამე, გამოდის, რომ ივანიშვილმა საქართველოს დანაწევრების იურიდიულ აღიარებას უნდა მოაწეროს ხელი?!

აჯობებს, ასეთი ხელშეკრულება თქვენთან დავდოთ და ხელიც მოვაწეროთ, საქართველომ – რუსეთის ფედერაციასთან, აი, ეს სხვა საქმეა!

ვ.პ. ბიძინა გრიგოლის ძევ, მომიტევეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რა შუაშია აქ რუსეთის ფედერაცია?! დიახ, რუსეთი დაეხმარა აფხაზებს და ოსებს, მათი თხოვნით და შეთანხმებების საფუძველზე განათავსა იქ სამხედრო ბაზები, რომლებიც ამ ძალზე მცირერიცხოვანი ხალხების მშვიდობიანი ცხოვრების გარანტია, მაგრამ სულ ეს არის: გვეტყვიან – გმადლობთ, აღარ გვჭირდებითო, და ჩვენი ბაზები იქიდან წავლენ, ისევე, როგორც არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოდან წავიდნენ.

დიახ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად რუსეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ აღიარეს, მაგრამ საერთაშორისო სამართლით, ერთიც საკმარისი იქნებოდა მათი დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისთვის, და თქვენ ეს კარგად იცით.

ჰოდა, მოელაპარაკეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რუსეთი კონფლიქტის მხარე არ არის!

რაშია პრობლემა, განა თქვენ თვითონ, ბიძინა გრიგოლის ძევ, მუდმივად არ ამბობთ, რომ საქართველომ, პირველ რიგში, ტერიტორიები კი არა, ძმები – აფხაზები და ოსები, მათი გული და მეგობრობა უნდა დაიბრუნოს?! რად გინდათ ტერიტორიები, სადაც თქვენდამი მტრულად არიან განწყობილი, როგორ აპირებთ იქ უსახლკარო დევნილების დაბრუნებას, რომლებიც ამდენი წელი მხოლოდ მშობლიურ ადგილებში დაბრუნების იმედით ცხოვრობენ?!

ამიტომ მოაგვარეთ ურთიერთობა აფხაზებსა და ოსებთან,  უფალი შეგეწიოთ! ჩვენ ხელს არ შეგიშლით, მაგრამ არც არავის დავაძალებთ... 

ბ.ი. ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მთლად სწორად ვერ გამიგეთ. ჩვენ იმიტომ როდი გვინდა რუსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომ ამით მას ხელ-ფეხი შევუკრათ და ამასობაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დავესხათ თავს.

ცხადია, ჩვენ დავიწყებთ დიალოგს აფხაზებსა და ოსებთან, ხოლო სადაც საჭირო იქნება, ბოდიშის მოხდისაც არ შეგვეშინდება. რადგან ჩვენი მიზანია – საქმე ისე წავიყვანოთ, რომ მათ კვლავაც ისევე იგრძნონ თავი თბილისში, როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ანუ – როგორც საკუთარ სახლში, რომ ჩვენ ძველებურად ვიცხოვროთ მოძმე ხალხების ერთიან ოჯახში!

მაგრამ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს, ამიტომაც, ცხადია, გესმით, რას ნიშნავს ქართველისთვის საკუთარი მიწის დაკარგვა, ქართველებსაც ხომ უნდათ, ისე იგრძნონ თავი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც საკუთარ სახლში...

ვ.პ. კი მაგრამ, მომიტევეთ, ბიძინა გრიგოლის ძევ, აი, თქვენ ამბობთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო მათ, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობს. დიახ, ასეა.

მაგრამ განა ქართველები თავად არ ამბობენ უარს საკუთარ ტერიტორიებზე, განა ისინი არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, როცა ნატოში შედიან?!

ნატოს წესდებაში არის მე-5 მუხლი, რომელიც კრძალავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ისეთი ქვეყნების მიღებას, რომლებსაც მოუგვარებელი შიდა პრობლემები, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აქვთ. ესე იგი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესასვლელად საქართველომ ჯერ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიდგინოს, რაც თეორიულად შესაძლებელია სამხედრო გზით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით; ან მშვიდობიანი გზით – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მათი აღიარებით.

თუ გავითვალისწინებთ თქვენს სიტყვებს, და მე მჯერა თქვენი, რომ ომს არ აპირებთ, და, ამავე დროს, ნატოში შესვლის კურსი უალტერნატივოდ მიგაჩნიათ, არც საკუთარ თავს, არც ჩვენ სხვა არჩევანს არ გვიტოვებთ, ვიდრე ვიფიქროთ, რომ საქართველო მზად არის, ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს.

დიახ, ასეთ შემთხვევაში სუვერენული საქართველო, ოღონდ უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, შეიძლება მიიღონ ნატოში, მაგრამ რუსეთი ამაზე ადეკვატურ პასუხს გასცემს (პაუზა)...

ბ.ი. რას გულისხმობთ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ? რატომ შეუძლიათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ნატოს წევრები იყვნენ და, ამავე დროს, ნორმალური ურთიერთობა იქონიონ რუსეთთან, საქართველოსთვის კი – არ შეიძლება?! მოდი, წუთით გვერდზე გადავდოთ ჩვენი ხალხების დამაკავშირებელი მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობა, კულტურათა ურთიერთშეღწევადობა, უზარმაზარი ქართული დიასპორა რუსეთში, საერთო ისტორია, ტრადიციები და შერეული ოჯახები: განა საქართველოს დღევანდელი არჩევანი ნატოს წევრობის სასარგებლოდ ეწინააღმდეგება ან უარყოფს ყოველივეს, რაც მე ჩამოვთვალე?!

ვ.პ. ღვთის გულისათვის, ბიძინა გრიგოლის ძევ! თუკი თქვენ ბალტიისპირეთის ქვეყნების ამჟამინდელი არცთუ შესაშური მდგომარეობა გიზიდავთ (როგორც ბიზნესმენმა, კარგად უნდა იცოდეთ მათი ეკონომიკის მდგომარეობა), მიბრძანდით ნატოში, ღმერთმა შეგარგოთ!

მაგრამ თავად განსაჯეთ, თქვენ გსურთ ნორმალური ურთიერთობის დამყარება აფხაზებსა და ოსებთან, რომლებსაც, როგორც ცნობილია, ნატოში შესვლა არ სურთ: თუკი ისინი კვლავაც საკუთარ მოქალაქეებად მიგაჩნიათ, რატომ არ ითვალისწინებთ მათ აზრს? ხოლო მცდელობა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავდაპირველად დევნილები დააბრუნოთ და გარკვეული ხნის შემდეგ, როცა დემოგრაფიული ბალანსი იქ ქართული მოსახლეობის სასარგებლოდ შეიცვლება, რეფერენდუმი ჩაატაროთ საქართველოს ნატოში შესვლის თაობაზე – როგორც ხვდებით, არარეალურია.

ამავე დროს, თუკი ჩვენი სამხრეთელი მეზობელი – საქართველო, კავკასიაში ნატოს ფორპოსტად გადაიქცევა, მაშინ საქართველოს საზღვრები რუსეთთან, ასევე, სამხრეთ ოსეთთან, აფხაზეთსა და სომხეთთან, ვინაიდან იქ განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზები, ნატოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვრად გადაიქცევა.

ამიტომ ეს უკვე აღარ იქნებიან მესაზღვრეები და რამდენიმე კომპაქტური ბაზა, ეს იქნება გაცილებით უფრო შთამბეჭდავი შეიარაღება, გაშლილი საჯარისო ნაწილები და სარაკეტო კომპლექსები, ავიაცია, ფლოტი და შესაბამისი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა.

ხომ გესმით, რომ  ეს ყველაფერი გარს შემოერტყმის საქართველოს მთელ პერიმეტრზე, აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრის გარდა, თუკი საქართველოში მუდმივ ბაზაზე ნატოს ერთი ჯარისკაცი მაინც გამოჩნდება?!

ბ.ი. უკვე ვგრძნობ, რამდენად რთული იქნება ჩვენი მოლაპარაკება, მაგრამ თავს ნებას მივცემ, არ დაგეთანხმოთ და გითხრათ, რომ არ არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც არ შეიძლება, მითუმეტეს – ჩვენთვის, ჩვენი ისტორიული და კულტურული ურთიერთკავშირის გათვალისწინებით. საჭიროა მხოლოდ კეთილი ნება, ნდობა და ურთიერთგაგება.

ჩვენ, ახალმა ხელისუფლებამ, კარგად ვიცით, როგორ ყალბდებოდა ყველა არჩევნები სააკაშვილის დროს, ამიტომ აუცილებლად ჩავატარებთ რეფერენდუმს საქართველოს ნატოში შესვლის საკითხზე, თუმცა წინა ხელისუფლებამ, როგორც იცით, უკვე ჩაატარა  ამ საკითხზე რეფერენდუმი, თუმცა – უკიდურესად გაუმჭვირვალე გარემოში და, რაღა თქმა უნდა, აფხაზებისა და ოსების გარეშე...

ვ.პ. რამდენადაც მახსოვს, ეს რეფერენდუმი კი არა, პლებისციტი იყო, განსხვავება საკმაოდ სერიოზულია, არ მეთანხმებით, ბიძინა გრიგოლის ძევ?

თანაც, თუ გავითვალისწინებთ, როგორც ახლახან თავად აღნიშნეთ, არჩევნებისა და ყოველგვარი გამოკითხვების გაყალბებაში თქვენი წინამორბედების დიდ გამოცდილებას, აგრეთვე – 5 წლის განმავლობაში შეცვლილ რეალიებს (პლებისციტი 2008 წლის იანვარში ჩატარდა, – საქინფორმი), არა მგონია, ახლა დარწმუნებით შეიძლებოდეს თქმა – რას ფიქრობს ქართველი ხალხი ნატოში საქართველოს შესვლის თაობაზე, და, მითუმეტეს, არ შეიძლება მისი, ანუ ხალხის სახელით ლაპარაკი.

თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველომ უკვე იკისრა გარკვეული ვალდებულებები აშშ-თან თანამშრომლობის ქარტიით – მას ძველმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, რომელთანაც თქვენ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით განსხვავებები არ გაქვთ. ისტორიულ პარალელებს არ ვავლებ, მაგრამ ახლა რატომღაც გამახსენდა გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან 4 წლის შემდეგ დადებული  ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის, რომელთანაც რუსეთი მაშინ ომს აწარმოებდა. რუსეთმა მაშინ, ქართველი პოლიტიკოსების თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საქართველოსთან „კომუნიკაცია შეწყვიტა“ და რით დამთავრდა ეს ამ უკანასკნელისთვის – თქვენ, რა თქმა უნდა, იცით...

სხვათაშორის, კიდევ ერთხელ „კომუნიკაციის“ შესახებ – ამ სიტყვას თქვენთან, საქართველოში, ხშირად იყენებენ სააკაშვილის ჩინოვნიკების მიერ თქვენი წარმომადგენლებისთვის ხელისუფლების „ცივილიზებული და კონსტრუქციული“ გადაბარების პროცესის მიმართ.

ჰოდა, ბიძინა გრიგოლის ძევ, მინდა, გაგაფრთხილოთ როგორც ყოფილ ხელისუფლებთან ზედმეტი „კომუნიკაციის“ თაობაზე, რომელიც უარყოფით გავლენას იქონიებს თქვენს იმიჯსა და ელექტორატზე, ისე – ზედმეტი პასუხისმგებლობის თაობაზე: ნუ დაგავიწყდებათ, რომ სააკაშვილი – ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალია, ანუ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით – სახელმწიფოს მეთაური ძალაუფლების უსერიოზულესი ბერკეტებით. და რაღაც არ ეტყობა, რომ საქართველოს დასავლეთელ პარტნიორებს მისთვის ამ ბერკეტების ჩამორთმევის მხურვალე სურვილი ჰქონდეთ: თქვენც ხომ ნახეთ, რა რეაქცია გამოიწვია დასავლეთში სააკაშვილის ვადამდელი გადადგომის შესახებ თქვენმა დელიკატურმა შეთავაზებამ?!

ასე რომ, მოსკოვში თქვენი ვიზიტის დროს სალაპარაკო ნამდვილად გვექნება, მაგრამ ვფიქრობ, ერთმანეთს უკვე ახალ – 2013 წელს შევხვდებით, როდესაც თქვენ, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაში სრული ძალაუფლებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი გახდებით.

ბ.ი. მაშ, შეხვედრამდე, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ?!

ვ.პ. შეხვედრამდე.

***

ძვირფასო მკითხველო! საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ მხოლოდ იმ საუბრის მოდელირება სცადა, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შედგება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს შორის.

ვფიქრობთ, რომ ორი ქვეყნის ლიდერების ნამდვილი საუბარი ბევრად განსხვავებული არ იქნება საქინფორმის მიერ ზემოთ შემოთავაზებული ვერსიისგან, რომელიც გაცილებით უფრო სწორი და რეალობასთან მიახლოებულია, ვიდრე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ 2010 წელს ნაჩვენები მოდელირებული „ქრონიკა“ საქართველოში „რუსეთის მეორედ მოსვლაზე“.

ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
2012 წლის 18 ოქტომბერი, თბილისი