საზოგადოება
აქცია თელასთან

1-telas-sazogadoo2თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს თელასთან აქცია გამართა აგვისტოში გათავისუფლებულმა 150 თანამშრომელმა, რომლებიც სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ. მათ დღეს ენერგოგამანაწილებელი კომპანიის კანცელარიაში განცხადება შეიტანეს და ახსნა-განმარტება მოითხოვეს. კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს გათავისუფლების მიზეზი აინტერესებთ, თუმცა, მათი ვარაუდით, ამ გადაწყვეტილების უკან კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ არსოშვილი დგას, რომელმაც თელასი ახალი კადრებით დააკომპლექტა. იმ შემთხვევაში, თუ 150-ვე თანამშრომელს კომპანია სამუშაო ადგილებზე არ აღადგენს, გათავისუფლებულები პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სამსახურიდან მათი გათავისუფლების არავითარი საფუძველი არ არსებობდა და მათთვის ხელმძღვანელობას არც რაიმე ახსნა-განმარტება მიუცია. ყოფილი თანამშრომლები თავიანთი უფლებების დაცვას აპირებენ და უკვე განცხადებით მიმართეს კომპანიის გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანს, რათა მან აქციის მონაწილეებს გათავისუფლების მიზეზი განუმარტოს.