საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედი“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა

1-sazogadoebaa3თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. 16 ოქტომბერს პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.

როგორც ოჯახის წარმომადგენელთა განცხადებაშია ნათქვამი, „ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია „იმედის“ დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. „იმედის“ ოჯახისთვის გადმოცემის პროცესი დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ „იმედი“ იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია“. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს „იმედში“ მისვლას გეგმავს ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე. 
სავარაუდოდ, დღესვე დაიწყება პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეკომპანიის გადაბარების პროცესი. ამ პროცესში ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული კუთხით ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად კი კომპანია „ჰანველ ფართნერს ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორი დათო შონია ჩაერთვება.

რაც შეეხება „იმედის“ ამჟამინდელ მფლობელსა და გენერალურ დირექტორ გიორგი არველაძეს, მან თანამდებობა  დატოვა. მან ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე განუცხადა.