თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბრიფინგზე მოსამართლეთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
მისი თქმით, საქართველოს მოქმედი ადვოკატებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი შეისწავლის ყველა იმ საქმეს, სადაც მოსამართლეებს ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული პროკურორთან ერთად, და მიმართავს პროკურატურას, დანაშაულის ჩამდენი ყველა მოსამართლე გასამართლდეს.როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, მოქმედი ადვოკატები შერჩევითი გასამართლების წინააღმდეგი არიან: „ჩვენ გვინდა, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს ყველა ის დამნაშავე პირი, რომელსაც სასამართლო გამოაცხადებს დამნაშავედ, რომელმაც ხელი შეუწყო ტოტალიტარული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამყარებასა და განმტკიცებას, სადაც ადამიანი იყო ჭანჭიკი, ერთი აგური იმ მშენებლობებში, რომლებითაც ასე გადაჭამა თავი ამ ხელისუფლებამ და ასეთი პიარით თუ ასეთი პროპაგანდით ტვინებს ურეცხავდა ხალხს“.
მისი თქმით, სასამართლო ამ რეჟიმის შემადგენელი ნაწილი იყო და ადვოკატთა კორპუსი კონკრეტული მასალებით მიმართავს პროკურატურას. „ეს იქნება მუდმივი პროცესი, სანამ ყველა დამნაშავე მოსამართლე არ დატოვებს თავის სავარძელს და არ გასამართლდება“, – აღნიშნავს ხატიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ადვოკატთა კორპუსი არ გაჩერდება, შეაგროვებს ყველა მტკიცებულებას და ამ საქმეების გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.
ადვოკატთა კორპუსს მიჩნია, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლაში საზოგადოებაც მათ გვერდით დადგება.