საზოგადოება
პარლამენტი თბილისში ბრუნდება

1-parlam-sazooo1თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ახალი ხელისუფლება ქუთაისში პირველი სხდომის გამართვისა და ცვლილებების შემდეგ კონსტიტუციას გადახედავს და პარლამენტი ისევ თბილისს დაუბრუნდება. იურიდიული საკითხების მოგვარების პარალელურად, დაიწყება თბილისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის რემონტი. ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა უკვე დაცლილია, თუმცა ახალი მთავრობა ფიქრობს, რომ ინფრასტრუქტურულ საკითხებს დროულად მოაგვარებს. ამავე დროს, დაუზუსტებელია ვადები, რომელთა განმავლობაშიც პარლამენტარები თბილისში დაბრუნდებიან.

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ დავით ნარმანიას განცხადებით, ამჟამად თბილისში არსებული შენობა იქ სხდომების ჩატარების საშუალებას არ იძლევა და, შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ნოდარ ხადურის განმარტებით, პარლამენტისა და მთავრობის ეფექტიანი ურთიერთქმედებისათვის მიზანშეწონილია საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნება. „თბილისში პარლამენტის შენობა არის გამოშიგნული, სხდომათა დარბაზი – დანგრეული, ამას აღდგენა სჭირდება, ავეჯი ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცათ, ამიტომ პარლამენტის შენობა ცარიელია და მის აღდგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდება... მაგრამ პარლამენტი თბილისში დარუნდება, რათა უფრო ეფექტიანი იყოს პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობა“, – განაცხადა მან.