ირაკლი ალასანია ერიკ რუბინს შეხვდა
თბილისი, 17 ოქტომბერი,
საქინფორმი. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია 16 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი მთავრობის მომავალი კაბინეტის წამომადგენლები: ალექსი პეტრიაშვილი, კოტე სურგულაძე, თეა წულუკიანი, ზურაბ აბაშიძე, დავით ზალკალიანი, ლევან იზორია და ირაკლი მამფორია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მთავრობის მომავალ კაბინეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ხაზი გაუსვა ახალი მთავრობის პროფესიონალი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდებას. შეხვედრაზე ისაუბრეს სამხედრო პარტნიორობის გაძლიერებასა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. ირაკლი ალასანიამ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო ბოლომდე შეასრულებს სამხედრო სფეროში აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის, ავღანეთის მიმართულებით. მხარეებმა შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის საკითხიც განიხილეს. ერიკ რუბინის განცხადებით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ხელს შეუწყობს და გააღრმავებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები გააძლიერბს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე ნატოსთან დაახლოებისა და ინტეგრაციისთვის.